საშობაო ეპისტოლეში უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა––თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ აღნიშნა, რომ "დაუსახლებელ ტერიტორიებზე მცირე დანაშაულის ჩამდენი პატიმრებისთვის მიმაგრების ადგილები და სოფლები უნდა მოეწყოს ( თავისი მეურნეობით), რაც დასაქმების პრობლემასაც ნაწილობრივ გადაწყვეტს და დაცულ ზონებსაც შექმნის".
სწორედ პატრიარქის განცხადებას გამოეხმაურა საზოგადოებრივი მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" დამფუძნებელი ეკა ბესელია. იგი პარლამენტსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს პატიმრებთან დაკავშირებით პატრიარქის ინიციატივის პრაქტიკული განხორციელებისკენ მოუწოდებს.
"პატრიარქის ინიციატივა უთუოდ კეთილშობილური, გონივრული და დროული ინიციატივაა, რაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს საპატიმროებში არსებულ ვითარებას. ამიტომაც მივმართავთ საქართველოს პარლამენტსა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს, რათა მოკლე დროში მოხდეს პატრიარქის ინიციატივის საქმედ ქცევა", - ნათქვამია ბესელიას მოძრაობის განცხადებაში.