საქართველო თავდაცვის ექსმინისტრის ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის ნაყოფს იმკის და ის სასწრაფოდ უნდა დაიკითხოს მთავარი პროკურატურის მიერ
დღეს ზუსტად 3 თვე გახდა, რაც ლევან იზორია თავდაცვის მინისტრია. ამ 3 თვის განმავლობაში ქართულ არმიაში 3 დიდი ტრაგედია მოხდა: გონიოს აკვატორიაში მყვინთავების სასწავლო კურსის გავლისას 2 სამხედრო მოსამსახურე დაიხრჩო; სოფელ ბოდბესთან სამხედრო სატვირთო მანქანა გადაბრუნდა, 37 სამხედრო პირიდან 1 დაიღუპა, დანარჩენები კი დაშავდნენ; კრწანისის სამხედრო ბაზაზე, წვრთნისა და შეფასების ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრის ტერიტორიაზე, სადაც ამერიკელი ოფიცრები იმყოფებიან, — 3-მა სამოქალაქო პირმა შეაღწია და 1 მათგანი გუშაგმა მოკლა...
ფაქტია — მშვიდობიანი ფასადის მიღმა მიმდინარეობს ქართული არმიის, როგორც ინსტიტუტის გახრწნა და მისი გადაქცევა გუშაგების მოსამზადებელ სასწავლო ცენტრად ნატო-ს სამხედრო ობიექტების — შტატების, ბაზებისა და აეროდრომების დასაცავად. სწორედ ამ ფუნქციებს ასრულებს დღეს ქართული კონტინგენტი ავღანეთში.
მაგრამ არმია მხოლოდ კეთილმოწყობილი ყაზარმები, ლამაზი ფორმა, თანამედროვე შეიარაღება და პოლიგონები როდია. ის უთუოდ გულისხმობს პატრიოტიზმსა და საბრძოლო შემართებას, დისციპლინასა და პასუხისმგებლობას. თუ ქართველ ჯარისკაცს მართლაც სჯერა, რომ ავღანეთში საქართველოსთვის იბრძვის, მაშინ ის დებილია, რომლისთვისაც იარაღის ნდობა არ შეიძლება! არადა, ჩვენი ბიჭები იქ ნებაყოფლობით იმყოფებიან, რათა ოჯახები არჩინონ.
ოდითგან ასე იყო: როდესაც არმია მოტივირებულია, მისი დამარცხება ყველაზე თანამედროვე და მრავალრიცხოვან არმიასაც კი არ ძალუძს. ასე მოხდა თუნდაც დიდ სამამულო ომში, დღეს კი მსოფლიოს საუკეთესო არმიები ვერაფრით უმკლავდებიან ავღანელ და ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებს, რომლებსაც არც ავიაცია გააჩნიათ, არც ფლოტი და არც ჯავშანტექნიკა, მაგრამ გააჩნიათ მთავარი — რწმენა!
ქართულ არმიაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა ლევან იზორიას ბრალი არ არის — ვერცერთი თავდაცვის მინისტრი 3 თვეში ამდენ პრობლემას ვერ შექმნის! დიახ, ეს ყველაფერი იზორიამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო — 2004 წელს, სააკაშვილის მოსვლასთან ერთად და დავით თევზაძის შემდეგ, რომელიც თავდაცვის ბოლო სამხედრო მინისტრი გახლდათ. დანარჩენები სამოქალაქო პირები იყვნენ: მათ შორის, ისეთი კრიმინალები, როგორიც ოქრუაშვილი, ბარამიძე, კეზერაშვილი და ახალაია, რომლებიც ქართულ ჯარს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ სპეცოპერაციებში იყენებდნენ, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში სამხედრო პროვოკაციებს აწყობდნენ, იარაღით ვაჭრობდნენ, ბიზნესმენებს „წეწავდნენ“ და უკანონო კომერციულ საქმიანობას ეწეოდნენ. თავდაცვის მინისტრებად მოგვევლინენ სოროსის (ხიდაშელი) და მაკ-კეინის (შაშკინი) გამოზრდილი დილეტანტი ასო-ელებიც; და ბოლოს მინისტრის სკამზე სპეცსამსახურის თანამშრომლებიც ვიხილეთ — ალასანია, ჯანელიძე და იზორია. ბოლო ორი ცოტა ხნით დაინიშნა, რათა ზემოხსენებული წინამორბედების — კრიმინალებისა და დილეტანტების მიერ დატოვებული „მემკვიდრეობა“ გაეწმინდათ.
საგულისხმოა, რომ დავით თევზაძის შემდეგ ქართულ არმიაში სამხედრო მშენებლობით აღარავინ დაკავებულა — სამოქალაქო პირებს, რომლებსაც სავალდებულო სამხედრო სამსახურიც კი არ გაუვლიათ, არც არმიის აშენება შეუძლიათ, არც იციან - როგორ აღზარდონ ნამდვილი ჯარისკაცები. რომელ სამხედრო მშენებლობაზეა ლაპარაკი, როცა დღემდე არ არსებობს საქართველოს სამხედრო დოქტრინა?! საქართველოს ოფიციალური სამხედრო დოქტრინა გასული საუკუნის 90-იან წლებში გენშტაბის მაშინდელი უფროსის გურამ ნიკოლაიშვილის მიერ შექმნილი დოქტრინიდან არის გადაწერილი, თანაც — უნიჭოდ, ტექნიკური შეცდომებითაც კი!
ვიმეორებ: სანამ ქართული ჯარი არ აშენდება და შვეიცარიული საათივით არ იმუშავებს, მანამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არა სამოქალაქო, არამედ სამხედრო ორგანიზაცია უნდა იყოს, რომელსაც ასევე სამხედრო პირები უნდა ხელმძღვანელობდნენ!
თინა ხიდაშელს ძალიანაც უნდოდა, მაგრამ ბოლომდე ვერ მოასწრო თავდაცვის სამინისტროს გარდაქმნა არასამთავრობო ორგანიზაციის სამოქალაქო ოფისად. ამ მიზნით მან ქართული არმია საკონტრაქტო სისტემაზე გადაიყვანა — ბრძანებით გააუქმა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა, რათა მოესპო ქართული ჯარის ინსტიტუტი და თავი აღარ შეეწუხებინა ახალწვეულთა საბრძოლო მომზადებით, კვებით, შემოსვითა და პატრიოტული აღზრდით! კონტრაქტორების მოსამზადებლად ხიდაშელმა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი გახსნა, რათა ისინი ნატო-ს ოპერაციებში დაქირავებულების სტატუსით გაეგზავნა.
ამერიკელები გაოგნებული იყვნენ — მინისტრმა ხიდაშელმა თავდაცვის სამინისტროში გაცილებით მეტი დეპარტამენტი შექმნა, ვიდრე თავად პენტაგონშია, რომელთა შემცირებასა და ოპტიმიზირებას დღეს მინისტრი იზორია დიდი გაჭირვებით ცდილობს.
რისთვის გააკეთა ეს ხიდაშელმა? იმისთვის, რომ სამხედრო პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციაში, როგორადაც მან სამინისტრო გადააქცია, თავისი კარგი მეგობრები, ნაცნობები და ნაცნობთა მეგობრები დაესაქმებინა! ამდენად, ინციდენტების სერია ლეტალური შედეგებით უბრალოდ დაემთხვა იზორიას მოსვლას. დიახ, ეს იყო წინა მინისტრების გულგრილობის, დილეტანტიზმის, კარიერიზმისა და კორუმპირებულობის ლოგიკური შედეგი, რომლებიც ამერიკელებისა და ნატო-ს რეკომენდაციებს მხოლოდ თავის სასარგებლოდ აღიქვამდნენ!
მაგრამ დამნაშავე მხოლოდ სამოქალაქო თავდაცვის მინისტრები როდი არიან — არმიას ჰყავს უშუალო სამხედრო ხელმძღვანელობა — საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი, ამიტომ გასაკვირია, რომ გენშტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, უკვე მეოთხე მინისტრის დროსაც არ ტოვებს თანამდებობას! რატომ „არ უშვებს“ მას უმაღლესი მთავარსარდელი — საქართველოს პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომლის კომპეტენციაშიც შედის გენშტაბის უფროსის დანიშვნა და მოხსნა?! ანდა რატომ არ დაუკითხავთ აქამდე მთავარ პროკურატურაში თინა ხიდაშელი, რომლის გადადგომიდან სულ რაღაც 2 კვირაში არმიაში ლეტალური შედეგის მქონე შემთხვევების სერია დაიწყო?!
ხიდაშელს სრული წვდომა ჰქონდა სახელმწიფო საიდუმლოებებთან და შეუძლია, ეს ინფორმაცია დაინტერესებული ქვეყნების სპეცსამსახურებს გადასცეს, ან სულაც ქართული სახელმწიფოს, პარტია „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილისა და იზორიას წინააღმდეგ გამოიყენოს, რათა შური იძიოს თავისი გადადგომისთვის და გავრცელებული სკანდალური ფარული ვიდეოჩანაწერის გამო! აკი, ხიდაშელი დღემდე დარწმუნებულია, რომ დელიკატური ვიდეო მას სუს-მა გაუვრცელა!
სულელის გარდა რა ვუწოდო ადამიანს, ვინც მთელ ქართველ ხალხს უტვინო საქონლად თვლის?! აკი, გასულ პარასკევს, „რუსთავი-2“-ის ეთერში თინა ხიდაშელმა გამოაცხადა კიდეც, რომ «საქართველოს შეიარაღებული ძალების უზარმაზარი პრობლემა» სწორედ საქონელი ყოფილა, რომელიც სამხედრო ნაწილების ტერიტორიებზე ბალახობს, რადგანაც ისინი შემოღობილი არ არის!
აბა, ერთი წლისა და ერთი თვის განმავლობაში რას აკეთებდით, ქალბატონო თინა, მინისტრის სავარძელში, რატომ არ შემოღობეთ ეს ტერიტორიები?! თანაც ქართული არმიის ნაწილების უმრავლესობა საბჭოთა არმიის ნაწილების ყოფილ ტერიტორიებზეა დისლოცირებული, მათ შორისაა — ვაზიანის პოლიგონი და ლუგარის ლაბორატორიაც კი, რომლებიც იმთავითვე სათანადოდ იყო შემოღობილი! იქნებ იმიტომაც არ გეყოთ სახსრები დარჩენილი რამდენიმე ნაწილის შემოსაღობად, რომ მთელი სამხედრო ბიუჯეტი თქვენს გაუთავებელ ვოიაჟებს მოხმარდა ამერიკაში, ევროპასა და თურქეთში?!
არადა, როგორც ჩანს, საზოგადოებაც სულელი გგონიათ და გინდათ, დააჯეროთ, რომ ქვეყანას, რომელიც საფრანგეთისგან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს ყიდულობს, რამდენიმე ღობის მოსაწყობად ფული არ ეყო! დაფიქრებულხართ ამაზე, მითუმეტეს, რომ ამასობაში ოსებმა ნახევარი საქართველო გადაღობეს?!
ის, რაც დღეს ქართულ არმიას ემართება — მხოლოდ უვერტიურაა, ხიდაშელისა და მისი წინამორბედების მავნებლური საქმიანობის კატასტროფულ შედეგებს კიდევ არაერთხელ მოვიმკით — მათ შორის, ალასანიასა და ხიდაშელის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებების მწარე ნაყოფსაც ვიგემებთ, რომელთა შესახებ საქართველოში ცოტა ვინმემ თუ იცის!
„წასულებზე ან კარგს ლაპარაკობენ, ან არაფერს“... ამდენად, არც მე მეგონა, რომ პოლიტიკურ ჯოჯოხეთში წასულ ქართველ რესპუბლიკელებზე კიდევ მომიწევდა ლაპარაკი, მაგრამ... გახსოვთ რესპუბლიკელი თინას ისტერიკა მისი იძულებითი გადადგომის დღეს, როდესაც საპარლამენტო არჩევნებამდე 3 თვით ადრე მოსთხოვეს, დაეტოვებინა ან რესპუბლიკური პარტია (რომელმაც ღიად გამოუცხადა ომი „ქართულ ოცნებას“), ანდა თავდაცვის მინისტრის თანამდებობა? ხიდაშელმა მაშინ საქართველოს თავდაცვის მინისტრად სუს-ის უფროსის მოადგილის ლევან იზორიას დანიშვნას „ბოლშევიზმი“ და „პრემიერ კვირიკაშვილის მთავარი შეცდომა“ იმიტომ უწოდა, რომ მოსალოდნელი შედეგების შეეშინდა! შეეშინდა, რომ იზორია დაიწყებდა მისი სამსახურებრივი დანაშაულების მოკვლევას ისევე, როგორც მინდია ჯანელიძემ წამოიწყო თავისი წინამორბედი ირაკლი ალასანიას დანაშაულების გამოძიება. ამიტომ იზორიას თავისი უნდა გაეტანა, გენშტაბის ხელმძღვანელობის შეცვლა მოეთხოვა, საკადრო წმენდა ჩაეტარებინა და სამსახურებრივი გამოძიება დაეწყო. მაგრამ ის, როგორც ჩანს, უმაღლესი სამეთაურო შემადგენლობის შიდა წინააღმდეგობას წააწყდა, რომელმაც ახალ უფროსთან თანამშრომლობა არ მოისურვა, ანდა მკაცრი ზომების მიღება აუკრძალეს...
ისიც მახსოვს, იძულებითი გადადგომის დღეს როგორ დაწერა ხიდაშელმა თავის ფეისბუქ-გვერდზე, რომ „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კვლავ სუს-ის კონტროლქვეშ აღმოჩნდა“, რაც დაუშვებელია, რადგან „ეს სამოქალაქო სტრუქტურაა“, რომელსაც „სამხრეებიანი ადამიანი არ უნდა ხელმძღვანელობდეს“. „ჯერ ალასანია, სამოქალაქო გამჭვირვალე მინისტრი ჩაანაცვლეს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი ჯანელიძით, დღეს კი სიტუაცია, როდესაც თავდაცვის სამინისტროს სპეცსამსახურების საკადრო მუშაკი ჩაუდგა სათავეში, გამეორდა!“ — წერდა მაშინ ხიდაშელი.
აი, ესეც ყველა შემდგომი ტრაგიკული შემთხვევის კიდევ ერთი მიზეზი!!! საიდუმლო არ არის, რომ სამხედროებსა და სპეცსამსახურების თანამშრომლებს შორის ოდითგანვე არსებობდა ანტაგონიზმი — არმიელებს ყოველთვის სძულდათ „ჩეკისტები — ოსობისტები“, რომლებიც ბრძოლაში მათსავით სიცოცხლით წინა რიგებში არ რისკავდნენ, თუმცა მათი ფხიზელი და ყველგან მწვდომი თვალი გამუდმებით აკვირდებოდა. ჰოდა, იმით გაცოფებულმა ხიდაშელმა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერთი სიტყვითაც არ გამოექომაგა, თავისი გადადგომის დღეს სამეთაურო შემადგენლობაში სახიფათო პროვოკაცია „შეაგდო“ — აქაოდა, საშინელი შეურაცხყოფა მოგაყენეს, როცა ხელმძღვანელად „კაგებეშნიკი“ დაგინიშნეს, რადგან ხელისუფლება არ გენდობათო! - და ამან კიდევ უფრო გააძლიერა არმიელების შინაგანი წინააღმდეგობა. ხიდაშელი, ფაქტობრივად, სამხედრო მეთაურობას ახალი მინისტრისთვის ობსტრუქციის მოსაწყობად აქეზებდა, თანაც სარგებლობდა იმით, რომ იზორია პროფესიონალი სამხედრო არ არის. „თუ გულგრილად იმსახურებთ, საქმე ცუდად წავა და ამ „კაგებეშნიკს“ სამინისტროდან მალე მოაშორებენ!“ — აი, ხიდაშელის განცხადების მთავარი ქვეტექსტი, რომელმაც არმიაში დისციპლინა და წესრიგი კიდევ უფრო შეარყია. დეტალები კი გამოძიებამ დაადგინოს.
„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი“ №44
2016 წლის 31 ოქტომბერი