საზოგადოება
რუსეთთან ჩვენმა პოლიტიკამ გაამართლა, მიაჩნია საქართველოს პრემიერს

  საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. „ჩვენ ფაქტობრივად ინტეგრირებული ვართ ნატო-ს უსაფრთხოების სისტემაში. ჩვენ ვართ მონაწილე საერთაშორისო ოპერაციების და დღეს უკვე ჩვენ გაგვაჩნია ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების და თავდაცვის თანამშრომლობის მემორანდუმი აშშ-სთან, რომელიც ჩვენ გვაძლევს თვისობრივად ახალ შესაძლებლობებს, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების. იქ არის ხაზგასმით ნათქვამი, რომ თუ აქამდე ძირითადი აქცენტი გადატანილი იყო ქართველი სამხედროების მომზადებაზე, რომ მათ მონაწილეობა მიეღოთ საერთაშორისო მისიებში, დღეიდან მთავარი აქცენტი კეთდება საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე. ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება და ვფიქრობთ, ამ მიმართულებით დინამიკა ძალიან მაღალია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს მიერ დაწყებული შავი ზღვის უსაფრთხოების დაცვის პროექტში საქართველოს როლზე საუბრისას ტელეკომპანია "იმედთან" განაცხადა. 

 მისივე თქმით, საქართველოს არ სურს ცივი ომი რუსეთსა და ნატო-ს შორის და ქვეყნის სურვილია, შემცირდეს დაძაბულობა რეგიონში.

 „არის თუ არა ცივი ომი, ამაზე საუბარი რთულია დღეს. ჩვენ არ გვინდა, რომ იყოს ცივი ომი. ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად შემცირდეს დაძაბულობა ჩვენს რეგიონში და ჩვენ გვაქვს არჩეული ძალიან სწორი პოზიცია ამ მიმართულებით. ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციონირება არის ისეთი, რომ ერთი მხრივ, ის განაპირობებს საქართველოს ინტეგრაციას დასავლურ სტრუქტურებში - ეს არის ევროკავშირი, ეს არის ნატო, დინამიკა ძალიან მაღალია და მეორე მხრივ, ეს არის რეგიონში დაძაბულობის შენელებაზე მიმართული, როდესაც ჩვენ ვცდილობთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში ჩავასხათ ისეთი ზეთი, რომელიც შეამცირებს დაძაბულობას ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს არის ვაჭრობა, ტურიზმი და კულტურული ურთიერთობები და სწორედ ასეთი დაძაბულობის შესუსტება ჩვენ გვაძლევს იმის შესაძლბლობას, რომ შევინარჩუნოთ თანმდიმდევრულობა იქ, სადაც ვართ, ანუ დასავლეთისკენ. ეს არის ჩვენი დღევანდელი სტრატეგია, ეს სტრატეგია ამართლებს, ქმნის სტაბილურობის შეგრძნებას ქვეყანაში. ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ საქართველოში სრულ სტაბილურობაზე, სანამ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და ამაზე შეკითხვა არ არსებობს, მაგრამ ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ საკმარის სტაბილურობაზე, იმისთვის, რომ საქართველომ მოიზიდოს ინვესტიციები, იყოს გარკვეული პროგნოზირებადობა და საქართველომ გააგრძელოს საკუთარი კურსი დასავლეთისკენ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტრუქტურების ღონისძიებებში

 "საქართველო აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტრუქტურების ღონისძიებებში, რადგან ჩვენ მივიჩნევთ, რომ მათი ნატო-ინტეგრირებული ნაწილი ვართ. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არის დროის საკითხი მხოლოდ და მხოლოდ და ააქ შეკითხვები გამორიცხულია. რაც შეეხება იმას, რომ ეს არ უნდა იყოს მტრულად მიმართული არც ერთი ქვეყნის მიმართ, ჩვენ ამ სიგნალებს მუდმივად ვაგზავნით, რომ ჩვენ ნატო-წევრობა არავისთან სამტროდ არ გვინდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი პოლიტიკა სწორედ აქეთკენაა მიმართული, რომ ჩვენს რეგიონში და სამეზობლოში ჩვენ შევამციროთ დაძაბულობა. ჩვენ გვინდა დავწიოთ ტემპერატურა, იმისთვის რომ საქართველომ გააგრძელოს სრული დინამიკით სვლა დასავლეთისკენ“, - განაცხადა პრემიერმა.

 მისი თქმით, როგორი იქნება დიდი მოთამაშეების კონიუნქტურა და როგორი იქნება სურათი, ეს საქართველოს საპროგნოზო არ არის და მისგან დამოუკიდებლად შესაძლოა ბევრი რამ მოხდეს. "მაგრამ ის რომ ჩვენ ვართ დასავლეთის ნაწილი, ჩრდილოატლანტიკური ოჯახის ნაწილი დღეს ამასთან დაკავშირებით შეუძლებელია კითხვები იყოს. რუსეთთან ჩვენმა პოლიტიკამ გაამართლა, ძალიან ბევრი შეტევის, ბევრი კრიტიკის მიუხედავად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს არასოდეს ჰქონია ისეთი მაღალი დინამიკა დასავალეთთან მიმართებაში როგორიც არის დღეს. ჩვენ დღეს გვაქვს ძალიან წარმატებული 4-წლიანი გამოცდილება ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე ჩვენ წარმატებით დავასარულეთ ასოცირების დღის წესრიგი და გვაქვს ახალი დღის წესრიგი 2017-2020 წლის პერსპექტივაში,"  - განაცხადა პრემიერმინისტრმა.