სამართალი
აბაშიძე: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს

  საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, არ შეიძლება, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა განხილვის ობიექტად იქცეს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ.

 “დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა დღის წესრიგში არ დგას. ეს საკითხი არსად განიხილება. სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, ეს საკითხი განხილვის ობიექტად ვერაფრით იქცევა”, - განუცხადა აბაშიძემ Sputnik-ს.

 საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის აგვისტოდან, თბილისის გადაწყვეტილებით, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების პასუხად შეწყდა. ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიების და პრაღაში აბაშიძე-კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.