აქტუალური
ხიდაშელი: საქართველოს შეიარაღებული ძალების უზარმაზარი პრობლემა - საქონელია, რომელიც სამხედრო ნაწილების შემოუღებელ ტერიტორიებზე ბალახობს!

  საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. თინა ხიდაშელმა "კრწანისის" ინციდენტთან დაკავშირებით “კურიერის” პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

 "არ მინდა, დავემსგავსო დღევანდელ თავდაცვის მინისტრს, რომელმაც მეორე დილასვე რეცეპტი გამოწერა, დასკვნაც დაწერა, კი იძახდა, გამოძიება მიმდინარეობსო, მაგრამ ყველაფერი მოგვიყვა, თითქოს იქ იმყოფებოდა. ჩემთვის საერთოდ წარმოუდგენელი იყო, როდესაც პრემიერმინისტრი გვეუბნება მთელ ქვეყანას, რომ ყველაფერი გაარკვია, კითხვები არ აქვს, და კითხვებს აღარ მიიღებს. გამომრჩა ის მომენტი, როცა პრემიერისგან უნდა ვითხოვოთ ნებართვა, კითხვები დავსვათ თუ არ დავსვათ“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, გამოძიების დასრულებას დაელოდება. ის ვარაუდობს, რომ ეს, შესაძლოა, ყოფილიყო სტანდარტული კრიმინალური შემთხვევა.

 თინა ხიდაშელის თქმით, ბევრ ბაზაზე უსაფრთხოების ზომები ძალიან ხშირად ირღვევა მეცხვარეების მიერ, რომლებიც იქ თავის საქონელს მწყემსავენ.

 "საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სამხედრო ობიექტების უდიდესი ნაწილი შემოღობილიც კი არ არის, რა ბაზაზე შეღწევაზე ვლაპარაკობთ“, - განაცხადა  ხიდაშელმა.