აქტუალური
ხიდაშელი: თავდაცვის მინისტრი ბოლომდე ვერ გაერკვა მის ფუნქციებში!

  საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. თინა ხიდაშელისთვის გაუგებარია, რატომ არ დაესწრო ლევან იზორია ბრიუსელში გამართულ ნატო-ს მინისტერიალს, სადაც შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი საგანი იყო.

 „თავდაცვის მინისტრს არ ვაკრიტიკებ, ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელიც ექსკლუზიურად თავდაცვის მინისტრის საქმეა. ეს არის პრემიერის, საგარეო საქმეთა, თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი ქმედებების შედეგი", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 „ლევან იზორია უნდა ყოფილიყო ბრიუსელში, მას ორმხრივი შეხვედრები უნდა მოეთხოვა, ყველა მეგობარ სახელმწიფოსთან უნდა ემუშავა, რომ ყველა გამოსვლაში საქართველო ყოფილიყო. ეს დღეები სულ ანკარაში, ბუქარესტსა და ბრიუსელში უნდა ვყოფილიყავით!", - განაცხადა ხიდაშელმა.

 თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებით, საქართველოს გზა ნატო-ში გაწევრიანებისკენ შავ ზღვაზე გადის.

 „თავდაცვის მინისტრი ბოლომდე ვერ გაერკვა მის ფუნქციებსა და მთავარ პრიორიტეტებში“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა, რომელმსაც მხედველობაში ჰქონდა ახალი პროექტი – შავ ზღვაზე ნატოს გაერთიანებული დაჯგუფების შექმნა, რომლის შესახებაც არაერთხელ იუწყებოდა საქინფორმი და რომელიც 2017 წლის თებერვალში დაიწყება.