საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. მაკეევის სახელობის სახელმწიფო სარაკეტო ცენტრმა პერსპექტიული ბალისტიკური რაკეტის „სარმატის“ (РС-28) პირველი ფოტო გამოაქვეყნა. დასავლეთში მას „სატანა 2“ შეარქვეს.
ახალი, რუსული, მეხუთე თაობის, მძიმე ბალისტიკური რაკეტა გათვალისწინებულია აშშ-ში ბოლო წლებში შექმნილი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გადასალახავად. ეს სისტემა აშშ-ს ევროპაშიც აქვს განლაგებული. მოძველებული მეოთხე თაობის სარაკეტო კომპლექს Р-36М2 „ვოევოდასგან“ (დასავლეთში მას „სატანა“ ეწოდება) РС-28 მასირებული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემებისგან დაცვის საშუალებებით გამოირჩევა. ამ დაცვის საშუალებებში შედის შახტის დაცვის აქტიური კომპლექსური სისტემა, სუბორბიტალურ ტრაექტორიაზე აქტიური დაცვის სიტემა, ასევე ზემაღალი სიზუსტის მანევრირებადი საბრძოლო ქობინების ბლოკი.
სისტემის ტექნიკური მახასიათებლები გასაიდუმლოებულია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ რაკეტა მატარებელს ათ ტონამდე მასის ტვირთის გადატანა შეუძლია.
სავარაუდოდ РС-28 40 მეგატონის სიმძლავრის ქობინებს მიიღებს და მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ბირთვული იარაღი გახდება. შედარებისათვის ამგვარი მუხტი 2000-ჯერ უფრო მძლავრია ჰიროსიმაზე და ნაგასაკიზე ჩამოგდებული ატომური ბომბების. აშშ-ს ფინანსთა მინისტრის ყოფილი თანაშემწე, პოლ კრეიგ რობერტსის თქმით Р-36М2 „ვოევოდას“ ერთ ქობინას შეუძლია ნიუ-იორკის შტატის ¾ გაანადგუროს, ხოლო 5-6 რაკეტა „სატანას“ - აშშ-ს მთელი აღმოსავლეთი სანაპიროსი.
„სატანა 2“ კიდევ უფრო მძლავრი იქნება. РС-28 ექსპლოატაციაში 2018 წელს შევა, ხოლო 2020 წლისათვის იგი „სატანას“ კომპლექსებს მთლიანად შეცვლის.