საზოგადოება
იანოშ ჰერმანმა პრემიერ კვირიკაშვილს საერთო ღირებულებებისადმი განსაკუთრებული ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა

  საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. საჯარო ადმინისტრირება არის ყველა სექტორში მოსახლეობის ინტერესების მომსახურების ინსტრუმენტი, მისი კარგი მუშაობა არის ნამდვილი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედი, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა საქართველოსთვის 30 მილიონი დახმარების გამოყოფის თემაზე საუბრისას განაცხადა. 

 მისივე თქმით, ეს სფერო მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტებისადმი მოსახლეობის ნდობის გაძლიერების თვალსაზრისითაც. მთავრობის ადმინისტრირებას ენიჭება წამყვანი როლი პროგრამის ფარგლებში, ამ პროგრამით სარგებელს მიიღებს რამდენიმე სამინისტრო და ინსტიტუტი.

 „ნება მიბოძეთ, პირადად გადაგიხადოთ მადლობა ჩვენი საერთო ღირებულებებისადმი თქვენი განსაკუთრებული ყურადღებისთვის.  მსურს, ასევე, შევაქო ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის ხარისხი. ამ პროგრამის მზადების მთელი პროცესი ასახავდა ჩვენ შორის პარტნიორობის მაღალ დონეს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ პროგრამის განხორციელების მთელი პროცესი ამ სულისკვეთებით გაგრძელდება. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ უახლოესი წლები დღეს წარმოდგენილი პროგრამის მიზნების მისაღწევად“, - აღნიშნა ჰერმანმა.