პოლიტიკა
გრიგორი კარასინი: პოზიტიური ცვლილებების ვადები მხოლოდ და მხოლოდ თბილისზეა დამოკიდებული

  საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გ. კარასინის ინტერვიუდან გაზეთ "იზვესტიას". გამოქვეყნებულია 2016 წლის 27 ოქტომბერს.

 შეკითხვა: 19 ოქტომბერს პრაღაში თქვენ ჩაატარეთ შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან. "იზვესტიასთან" ინტერვიუში ბატონმა აბაშიძემ განაცხადა, რომ ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის გზით მივდივართ. როდის უნდა ველოდოთ ამას?

 პასუხი: თუ ჩემმა პატივცემულმა კოლეგამ ზურაბ აბაშიძემ მართლაც გააკეთა ასეთი განცხადება, ეს მხოლოდ მისასალმებელია. როგორც ცნობილია, 2008 წლის სექტემბერში დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთს არ გაუწყვეტია და ჩვენი მხრიდან არასდროს ყოფილა წინააღმდეგობა მათი აღდგენისათვის. ასე რომ, ამ საკითხში პოზიტიური ცვლილებების ვადები მხოლოდ და მხოლოდ თბილისზეა დამოკიდებული.

 ამავე დროს, მე და ზურაბ აბაშიძე თავიდანვე შევთანხმდით, რომ შევეცდებით ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზაციას იმ სფეროებში, რომლებშიც ეს შესაძლებელია დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის პირობებში. ასეთი სფეროები არც ისე ცოტაა - ვაჭრობა, სატრანსპორტო მიმოსვლა, ჰუმანიტარული კონტაქტები, კულტურული გაცვლა. ამ სამუშაოს გეგმაზომიერად გავაგრძელებთ. საკმაოდ ხელშესახები შედეგები, რომელთა მიღწევა უკვე მოვახერხეთ, ორივე ქვეყნის მოქალაქეთა ინტერესებს პასუხობს.