რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ იმედი გამოთქვა, რომ წლეულს საქართველოს ძმური ვიზიტით ეწვევა ყოველთა სომეხთა კათალიკოსი გარეგინ მეორე და აღნიშნა, რომ მზადაა, გულთბილად მიიღოს სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ქართველთა და სომეხთა საუკუნოვანი საეკლესიო მეგობრობა გააგრძელოს.
როგორც სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ქართული ეპარქიის პრესკანცელარია იტყობინება, ილია მეორემ ეს განცხადება 2011 წლის 10 იანვარს, საქართველოში მცხოვრებ სომეხთა დელეგაციის მიღებისას, გააკეთა. მას ეპარქიის ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი და სომხეთის ელჩი საქართველოში გრაჩ სილვანიანი ხელმძღვანელობდნენ. სრულიად საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ თავის გამოსვლაში მეგობრული სიყვარული და პატივისცემა გამოხატა სომეხი ხალხისადმი; ამასთან, ქართველებსაც და სომხებსაც საუკუნოვანი ძმობის ერთგულებისკენ მოუწოდა. მან, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ საკითხები, რომლებიც ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს აღელვებს, ერთობლივი ძალისხმევით გადაწყდება.
დელეგაციამ საქართველოს პატრიარქს ცნობილი მხატვრის, საქართველოში მცხოვრები სომხის – ლევ ბახჩევის ნახატი უსახსოვრა. პატრიარქმა ილია მეორემ კი სტუმრებს თავისი მარნის ღვინო მიუკითხა.
მკითხველს შევახსენებთ, რომ, ქართული მხარის თხოვნით, სომეხთა კათალიკოსის – გარეგინ მეორეს ვიზიტი საქართველოში ორჯერ გადაიდო.