აქტუალური
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში აეროდრომის პროექტირება იწყება

  საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, შიდა ავიაციის განვითარება ქვეყნის სივრცითი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

 „ჩვენი მიზანია, საქართველოში იყოს რაც შეიძლება მეტი მცირე აეროდრომი, იმისთვის, რომ უპირველეს ყოვლისა, ჩვენმა მოსახლეობამ და, რა თქმა უნდა, ტურისტებმა ისარგებლონ. ეს იქნება უფრო მეტი დასაქმებული ადამიანი და მეტი კეთილდღეობა თითოეული ჩვენგანის ოჯახში. ამ შემთხვევაში ეს გულისხმობს თუშეთს, რომელიც საქართველოს მარგალიტია თავისი განსაკუთრებული კულტურული მემკვიდრეობით. ასევე, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის განვითარებისა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და იმედი გამოთქვა, რომ ომალოში ასაფრენი ზოლისა და აეროპორტის მშენებლობა უახლოეს მომავალში დასრულდება.