საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ექვსი მოკავშირე - კანადა, გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი, თურქეთი და აშშ - შავ ზღვის რეგიონში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ძალების განთავსებას დათანხმდა. აღნიშნული ზომა მიმართულია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მოკავშირეებმა მინისტერიალზე განიხილეს რუსეთის აქტიურობა ალიანსის საზღვართან, მათ შორის რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში გამართული წვრთნები და კალინინგრადში “ისკანდერის” ტიპის სარაკეტო კომპლექსების განთავსება.
“ჩვენ შეშფოთებულები ვართ რუსეთის ქმედებებით”, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
“ნატო არ ეძებს კონფრონტაციას რუსეთთან. ჩვენ არ გვსურს ახალი ცივი ომი და არ გვსურს შეიარაღების რბოლა, ამიტომ ის, რასაც ნატო აკეთებს, არის თავდაცვითი და პროპორციული ქმედებები. ამავე დროს, ნატო-მ უნდა მოახდინოს რეაგირება, როდესაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვხედავთ, რომ რუსეთი მნიშვნელოვნად აძლიერებს სამხედრო პოტენციალს, ვხედავთ, რომ ის სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზებას ახორციელებს და, რაც ყველაზე მთავარია, ვხედავთ, რომ ის მზად არის, გამოიყენოს თავისი შეიარაღებული ძალები მეზობლების - ყირიმის, უკრაინისა და ასევე საქართველოს წინააღმდეგ, ასევე ვხედავთ მუქარის რიტორიკას რუსეთის მხრიდან. ამგვარად, ნატო-მ უნდა მოახდინოს რეაგირება, რათა უზრუნველყოს სათანადო შეკავება უსაფრთხოების სფეროში შექმნილ ახალ გარემოში”, - განაცხადა სტოლენბერგმა.
ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსის წევრები შეშფოთებულები არიან რუსეთის ქმედებების გამო, თუმცა როცა დაძაბულობა ასეთი მწვავეა, დიალოგი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსი მზად არის, უახლოეს მომავალში ელჩების დონეზე ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გამართოს.