უცხოეთი
სერგეი ლავროვმა და ჯონ კერიმ სატელეფონო საუბრისას სირიის საკითხი განიხილეს

  საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სირიის საკითხი სატელეფონო საუბრისას განიხილეს. ჯონ კერიმ რუსეთის ავიაციის მიერ ალეპოში ავიადარტყმების განახლების გამო შეშფოთება გამოხატა. სერგეი ლავროვმა კი ვაშინგტონს კვლავ მოუწოდა სირიის ოპოზიციის ტერორისტებისგან გამიჯნვისკენ.

  “მათ ისაუბრეს ჟენევაში მრავალმხრივი მოლაპარაკებების გარძელების აუცილებლობასა და სრულყოფილი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მიღწევაზე, რათა ჰიმანიტარული დახმარების მიწოდება მოხდეს” -განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა. ჯონ კირბის თქმით, რამდენიმედღიანი ჰუმანიტარული პაუზა საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ალყაში მყოფი ალეპოს მოსახლეობისთვის დახმარება მიეწოდებინათ.

 ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ორგანიზების ახალი მცდელობების მიუხედავად, სირიის ქალაქ ალეპოში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. სახელისუფლებო ძალებმა ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მნიშვნელოვანი სიმაღლე დაიკავეს. სახელმწიფო მედიის მტკიცებით კი, ექსტრემისტები კონტრშეტევისთვის ემზადებიან: ალეპოს საზღვრებთან 1200-ზე მეტი ადამიანი და საბრძოლო ტექნიკაა მობილიზებული. ამჟამად შეტაკებები ალეპოს დასავლეთ ნაწილში მიმდინარეობს, რომელსაც პრეზიდენტ ბაშარ ასადის ძალები აკონტროლებენ.

 ამ დროისთვის ალეპო ორ ნაწილად არის გაყოფილი: პრეზიდენტ ბაშარ ასადის ძალები ქალაქის დასავლეთ ნაწილს, მეამბოხეები კი აღმოსავლეთ რაიონებს აკონტროლებენ.