უცხოეთი
ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს სარეკორდო 12%-ით უსწრებს

  საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. ამერიკული ტელეკომპანია ABC News-ის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვის თანახმად, რეიტინგის მიხედვით, ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს  12%-ით უსწრებს. კვლევის შედეგებით, ჰილარი კლინტონს გამოკითხულთა 50% უჭერს მხარს, დონალდ ტრამპს კი 38%.

 ამომრჩეველთა კიდევ 5 % ლიბერტარიანული პარტიის კანდიდატს გერი ჯონსონს ემხრობა, ხოლო 2% მწვანეთა პარტიის კანდიდატს ჯილ სტეინს უცხადებს მხარდაჭერას.

 დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის შტაბში საპრეზიდენტო რბოლაში რესპუბლიკელი კანდიდატის ჩამორჩენა აღიარეს, თუმცა განაცხადეს, რომ არ დანებდებიან, რადგან გამარჯვების შანსი აქვთ.

 "ჩვენ ჩამოვრჩებით. კლინტონს გარკვეული უპირატესობა აქვს. თუმცა ჩვენ არ დავნებდებით. ჩვენ ვიცით, რომ გამარჯვება შეგვიძლია", - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის საარჩევნო შტაბის უფროსმა კელიენ კონვეიმ NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

 გასულ პარასკევს დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდეს.