საზოგადოება
სოფელ რუისთან "აგრარული ბაზრობის პავილიონების კომპლექსი" გაიხსნა

  საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. ფონდი “ქართუს” დაკვეთით ასოციაცია “ატუმ” ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ავტომაგისტრალის გასწვრივ ააშენა აგრარული ბაზრობის პავილიონები, რომლებშიც ადგილობრივ გლეხებს შეეძლებათ უსაფრთხო, კომფორტულ გარემოში გაყიდონ სოფლის მეურნეობის პროდუქტი.

 წლების განმავლობაში თბილისი-სენაკი-ლესელიძის შიდა ქართლის მონაკვეთზე, სოფელ რუისის მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენდა ყველაზე სახიფათო ზონას როგორც საავტომობილო ტრანსპორტისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეთათვის, იქ განლაგებული აგრარული გარევაჭრობის მოუწესრიგებლობისა და სავალ ნაწილთან უშუალო სიახლოვის გამო.

 ახალი აგრარული ბაზრობის კომპლექსი შედგება სამი პავილიონისგან, რომელთაგან ორი უკვე დასრულებულია და მზადაა ექსპლუატაციისთვის, ხოლო კომპლექსის სამხრეთი ნაწილი ა.წ. 17 ნოემბერს გაიხსნება.

 აგრარული ბაზრობის პავილიონების კომპლექსში განლაგდება ასამდე სავაჭრო დახლი, კომპლექსის გარშემო მოწყობილი ავტოსადგომი კი ერთდროულად 70 ავტომანქანას დაიტევს. პავილიონები უზრუნველყოფილია წყალმომარაგებით, კანალიზაციითა და ელექტროენერგიით. კომპლექსი დასრულებისთანავე ფონდმა “ქართუმ” საჩუქრად გადასცა ქარელის მუნიციპალიტეტს.