უცხოეთი
ირანის სულიერი ლიდერი: „შეცდომებმა დასავლეთ აზიაში აშშ–ის პოლიტიკა პარალიჩის მდგომარეობამდე მიიყვანა!“

  საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. „ზოგიერთს ჰგონია, რომ აშშ დაუმარცხებელია. ეს წარმოდგენა მცდარია. მრავალრიცხოვანმა შეცდომებმა, რომლებიც აშშ–მა ბოლო 15 წლის განმავლობაში დასავლეთ აზიაში დაუშვა, ამერიკის პოლიტიკა ამ რეგიონში უმწეოებისა და სრული პარალიჩის მდგომარებამდე მიიყვანა“, – განაცხადა ირანის ხელმძღვანელმა და სულიერმა ლიდერმა ალი ჰამენეიმ ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსთან შეხვედრაზე, – იუწყება ტას–ის კორესპონდენტი კონსტანტინე კაზაევი.

 ნავთობის პრობლემატიკაზე საუბრისას, მან განაცხადა, რომ „ოდესღაც ისლამური ქვეყნები, უპირისპირდებოდნენ რა სიონისტურ (ისრაელის) რეჟიმს, იყენებდნენ „ნავთობის იარაღს“ – შეწყვიტეს ნავთობის მიწოდება (მხედველობაში ჰქონდა 1973 წლის ნავთობის კრიზისი)“.

 „მაშინ დასავლეთმა დიდი სკანდალი ატეხა ნავთობის გამოყენებაზე პოლიტიკური მიზნებისთვის. სამწუხაროდ, დღეს იგივე დასავლეთის სახელმწიფოები ნავთობს იარაღად იყენებენ. ამასთან, მათ მხარს უჭერენ ოპეკ–ის ზოგიერთი წევრი და ჩვენი რეგიონის ზოგიერთი ქვეყანა, რომლებიც თავადვე ზარალდებიან ასეთი პოლიტიკისგან“, – აღნიშნა ირანის ლიდერმა.

 მისივე თქმით, ეს „შეთქმულება შეიძლება ჩაიშალოს მხოლოდ კარგად გააზრებული და მედგარი წინააღმდეგობის, ერთობლივი მოქმედებების (ნავთობის მწარმოებელთა) მეშვეობით“.

 მადუროსთან შეხვედრაზე ჰამენეიმ მაღალი შეფასება მისცა ვენესუელის დამოუკიდებელ პოლიტიკას და გამოთქვა თეირანის მზაობა, განავითაროს ორმხრივი თანამშრომლობა კარაკასთან.