პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე:
ვფიქრობ, რომ საპარლამენტო არჩევნები შეიძლება დასრულებულად მივიჩნიოთ, რადგანაც მაჟორიტარების მეორე ტური მის შედეგებს ვერ შეცვლის. ცხადია, რომ “ნაცმოძრაობის” მაჟორიტარები წააგებენ (დამსახურებულად!) “ქართული ოცნების”კანდიდატებთან, იმდენად დიდი იყო პირველი ტურის შედეგებს შორის სხვაობა მათ შორის, “ოცნების” წარმომადგენლების სასარგებლოდ. ისიც ნათელია, რომ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” მოიპოვებს კონსტიტუციურ უმრავლესობას, რაც განუზომლად გაზრდის მმართველი პარტიის პასუხისმგებლობას ყველაფერზე, თუ კი რაიმე კარგი ან ცუდი მოხდება საქართველოში მომავალი 4 წლის მანძილზე!
შექმნილი ვითარება არის ობიექტური რეალობა და მავანთა ვიშვიში იმის თაობაზე, რომ არიქა ვიღუპებით თუ “ქართული ოცნება” კონსტიტუციურ უმრავლესობას მოიპოვებსო, გახლავთ არაგულწრფელი და თაღლითური პოზიცია, რათა საკუთარი უსუსურობა და პოლიტიკური უსარგებლობა დაფარონ! ერთადერთი, რაზეც გული მწყდება და არაერთხელ დავწერე ამის შესახებ, არის ის, რომ “ნაცმოძრაობის” ამდაგვარი შედეგი დიდად განაპირობა “ქართული ოცნების კოჰაბიტანტურმა პოლიტიკამ”, რამაც საშუალება მისცა ნაცებს “თვალებში გამოეხედათ” და ქვეყანაში მეორე პოლიტიკური ძალის იმიჯი დაემკვიდრებინათ!.. შეგახსენებთ, რომ 2011 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა კოალიცია “ქართულ ოცნებას”, სადაც მან მიიწვია რამოდენიმე პოლიტიკური პარტია,რომლებიც მანამდე უპირისპირდებოდნენ სააკაშვილის რეჟიმს, მაგრამ მუდამ მარცხდებოდნენ მასთან, რადგანაც კრიტიკულ მომენტში ვერ ახერხებდნენ კონსოლიდაციას და სწორი სტრატეგიის შემუშავებას! ეს პარტიები იყო, – “რესპუბლიკელები“, “თავისუფალი დემოკრატები“, “კონსერვატორები“, “ეროვნული ფორუმი” და “მრეწველები“.
2011 წლის ოქტომბრისთვის, ამ პოლიტიკური პარტიების და მათი ლიდერების პოპულარობის რეიტინგი იმდენად დაბალი გახლდათ, რომ ზოგიერთ მათგანს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა “პოლიტიკიდან წასვლა”, მხოლოდ ივანიშვილის გამოჩენამ ქართულ პოლიტიკაში და მის მიერ ამ ლიდერების და მათი პარტიების მიწვევამ კოალიცია” ქართულ ოცნებაში“, გადაარჩინა ისინი “პოლიტიკურგარდაცვალებას“! მიუხედავად იმია, რომ ზემოთ ჩამოთვლილ პოლიტიკურ პარტიებს “ბედმაგაუღიმა” და ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით ჩამოყალიბებული კოალიციის წევრები გახდნენ, რასაც მისგან შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერაც ახლდა თან, განვლილი 4 წლის განმავლობაში, ანუ კოალიციაში ყოფნის პერიოდში, მათ ვერ შეძლეს საკუთარი რეიტინგის ამაღლება და მთლიანად პარტია “ქართული ოცნების” რეიტინგის ხარჯზე იმყოფებოდნენ ხელისუფლებაში. დიახ, კოალიციაში ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ორგანიზაცია გახლდათ, – “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომლის რეიტინგი სჭარბობდა კოალიციაში შემავალი დანარჩენი ხუთი პარტიის რეიტინგს, ერთად აღებულს! ეს რომ ასე იყო, ნათლად გამოჩნდა 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე, სადაც ყოფილი კოალიციის ვერც ერთმა სუბიექტმა ვერ გადალახა საარჩევნო ბარიერი! ეს შედეგი და მიღებული მარცხი, ამ პარტიებმა და მათმა ლიდერებმა, მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ და არა ბიძინა ივანიშვილის “ქართულ ოცნებას”,რომელთანაც კოალიციაში ყოფნამ მათ ბევრი სიკეთე მოუტანა, რაც ვერ გამოიყენეს! მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” კოალიციაში გაერთიანებით, ამ ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ დიდი პოლიტიკური (არამარტო!) სარგებელი ნახა, კერძოდ, მათ პარტიული კვოტირების შედეგად ათეულობით დეპუტატი ჰყავდათ და ყავთ, როგორც ქვეყნის პარლამენტში, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, რამაც შეუწყო ხელი თითოეული მათაგანის პარტიული ორგანიზაციების გაძლიერებას. არადა, ვიმეორებ, რომ კოალიცია “ქართული ოცნების” დაფუძნებამდე ამ ხუთივე პარტიის რეიტინგი და მათი პარტიული ორგანიზაციები “სულს ღაფავდნენ”!.. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ირაკლი ალასანიას განცხადება პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე, აბსოლუტურად ადექვატურია და ადამიანურად დასაფასებელია, როგორ ჩანს, მან სწორად გაანალიზა განვლილი 4-5 წელიწადი, მის მიერ დაშვებული მძიმე პოლიტიკური შეცდომები და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება! რაც შეეხება “რესპუბლიკელებს” და მათ ლიდერს, პარლამენტის თავმჯდომარეს ბ-ნ უსუფაშვილს, რომელმაც არჩევნების წინა დღეებში პრემიერმინისტრებთან (ივანიშვილ-კვირიკაშვილთან) მიწერილი წერილის კითხვას “შეუდგა პირდაპირ ეთერში”, მისი ეს “პოლიტიკური საქციელი” ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს!,, “ჭკვიანი და მაგარი პოლიტიკოსი”, რომელიც 4 წლის განმავლობაში იმყოფება ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე და მისი პარტია საპარლამენტო არჩევნებში 5% – იან ბარიერს მიღმა რჩება და სამარცხვინო 1,5%-ის მიჯნაზე ჩერდება, რა შეფასებას იმსახურებს იგი? დიახ, ალასანიასგან განსხვავებით უსუფაშვილზე ვერაფერს “სანუგეშოს” ვერ გეტყვით.
დღესაც, არჩევნების შემდეგ, უსუფაშვილი ისევ და ისევ ივანიშვილის წინააღმდე გილაშქრებს და მის თანაპარტიელებთან უნისონში (დ.ბერძენიშვილი და სხვები), მეორე ტურში “ნაცმოძრაობის” მაჟორიტარების მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს მოსახლეობას (ქართული დემოკრატია დაიღუპება, თუ “ოცნება” კონსტიტუციურ უმრავლესობას მოიპოვებს პარლამენტშიო?!)!.. არჩევნებიდან მეოთხე დღეს, “ეროვნულმა ფორუმმა” არჩევნებში ხელმოცარულ ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდა, რომ “ერთი დიდი პოლიტიკური გაერთინება” დავაფუძნოთო? კი მაგრამ, 0% – ზე ოდნავ მეტ ხმას რომ მოგცემს ამომრჩეველი, განა ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ “მოწოდებები მაინც აღარ აკეთოთ”?! თოფაძე-ტყემალაძის “მრეწველები” და მათი ლიდერები, აქტიური პოლიტიკისთვის საკმაოდ “მობერდნენ” და არჩევნებში შედეგმაც არ დაახანა. ასე რომ, ვფიქრობ დროა უკვე, რომ “შეაჯამონ” განვლილი პოლიტიკური გზა!.. ზვიად ძიძიგურმა, თავის “კონსერვატორებით“, კოალიციის დაშლის შემდეგაც კი, “მოახერხა და ოცნებაში დარჩა”, შესაბამისად პარლამენტშიც მოხვდა, თუმცა, “კონსერვატორების” ამგვარი არსებობა ამომრჩეველს სჭირდება თუ არა, ეს კიდევ საკითხავია. ეს რაც შეეხება, დაშლილი კოალიციის ყოფილ სუბიექტებს!..
ახლა ვნახოთ, არჩევნების შემდეგ თუ რა მდგომარეობაა სხვა “კვალიფიციურ”პარტიებში. პაატა ბურჭულაძის ორგანიზაციას –“სახელმწიფო ხალხისათვის”, ზუსტად შეესაბამება ცნობილი ფრთიანი ფრაზა, – “ჩაილურის წყალი დალია” – ო. ამიტომ, მისი ლიდერი თუ დროულად დაუბრუნდება თავის პროფესიულ საქმიანობას, შეიძლება მომავალი საოპერო სეზონი აღარ ჩაუვარდეს!..
წინასაარჩევნო პერიპეტიებმა ნათლად გამოაჩინა, რომ შალვა ნათელაშვილიდა მისი ლეიბორისტული პარტია არის “ნაციონალური მოძრაობის მემარცხენე ფრთა” და ოდესელი გუბერნატორის ერთგული, “პოლიტიკური ლეღვის ფოთოლი”. ნათელაშვილმა 3% აიღო, რომელიც ნაცების ხმებთან ერთად, ჯამში 30% – ზე მეტია. დიახ, შალიკოს და მიშიკოს “ერთი ამომრჩეველი დაუჯდათ”!.. ნინო ბურჯანაძემ, მცდარი “უბლოკო სტატუსით”, ბარიერი ვერ გადალახა, ამიტომ საარჩევნო უბნების გახსნას და “ხმების გადათვლას” ითხოვს. ეს არაფერი, გულდაწყვეტილია და მიზეზ-საბაბს ეძებს, მაგრამ, გასაკვირია ის არის, რომ “ნაცებივით” და მათი სატელიტებივით, აგრეთვე, ყოფილი “კოალიცისტებივით“, ბურჯანაძეც, “ოცნების” მიერ, – “კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვების საფრთხეზე” ალაპარაკდა!.. “პატრიოტთა ალიანსმა” ბარიერი გადალახა, თუმცა, დასაწყისში მანდატების რაოდენობა “ეცოტავა” და კინაღამ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, მაგრამ, მალე მიხვდა ყოველივეს და სწორი ტაქტიკა შეარჩია, ერთგული დარჩა რა, იმ რიტორიკისა, რომელმაც მას პარლამენტის “კარი შეაღებინა”!.. არჩევნებში მონაწილე სხვა სუბიექტები, მათ მიერ აღებული პროცენტული მაჩვენებლებით თუ ვიმსჯელებთ, ისინი ქართველი ამომრჩევლის ინტერესს ნაკლებად იმსახურებენ, ამიტომ მათზე არ შევჩერდები. ასე რომ, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა გვაჩვენა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ქართული საზოგადოების მხრიდან სერიოზულ და ფუნდამენტურ ჩარევას საჭიროებს, რაც ობიექტური მოთხოვნილებებით აიხსნება, რომლის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი გახლავთ, ქვეყანაში ძლიერი პოლიტიკური პარტიების შექმნის და ფუნქციონირების აუცილებლობა! დიახ, განვლილმა 4 წლიანმა პოლიტიკურმა ციკლმა დაგვანახა, რომ პოლიტიკური პარტიების მხრიდან, მხოლოდ პროდასავლური ან/და პრორუსლი პოლიტიკური კურსის დეკლარირება, სულაც არ არის საკმარისი, რომ მხარდაჭერა მოიპოვა ამომრჩევლების მხრიდან, რადგანაც მოსახლეობისათვის მთავარია ის, რამდენად შეძლებს ესა თუ ის პარტია მის მიერ გაცხადებული პოლიტიკის რეალიზებას, რომელიც უშუალოდ შეეხება ყოველივე მათგანს და ითვალისწინებს ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს!.. ხოლო, ის რიტორიკა, 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, თითქოს, “პროდასავლური პარტიების ახალი პარტიული გაერთიანება”, ან ალიანსი(რამდენი ასეთი იყო უკანასკნელი 15 წლის მანძილზე?!), “უშველის” არსებულ მდგომარეობას, გახლავთ აბსოლუტური დემაგოგია და მცდელობა, რომ არსებულმა პოლიტიკურმა სპექტრმა “თავი გადაირჩინოს”!..
P.S. დღეს, მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის წინ, ვინც ამომრჩეველს მოუწოდებს ხმა მისცეს “ნაცმოძრაობის” კანდიდატებს, იმ მოტივით, რომ კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, “ქართული ოცნება” მოახდენს ხელისუფლების უზურპაციას, ეს პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები გვევლინებიან “ნაცმოძრაობის” სატელიტებად და ამიტომ, სრულად იზიარებენ იმ დანაშაულებს, რომელიც “ნაცმოძრაობის” მოძალადე რეჟიმმა ჩაიდინა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში!.. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, როდესაც ქვეყნაში არ არსებობს ძლიერი პოლიტიკური პარტიები და ეს პრობლემა სწრაფად და ხელოვნურად შეუძლებელია რომ გამოსწორდეს, სავსებით მისაღებია, რომ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა ჰქონდეს არჩევნებში გამარჯვებულ ერთ პოლიტიკურ ძალას! ამ შემთხვევაში, მთავარი ის გახლავთ თუ როგორ გამოიყენებს გამარჯვებული პოლიტიკური პარტია ამ უპირატესობას, ამიტომ, პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა არათუ საფრთხეა, არამედ ბრწყინვალე შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურმა პარტიამ სრულად წარმოაჩინოს საკუთარი თავი, რათა დემოკრატიული პროცესების სრული დაცვით, სწრაფად და ეფექტიანად განახორციელოს სახელმწიფო მნიშვნელობის რეფორმები!!!…