საზოგადოება
სოზარ სუბარი: „ლეიბორისტული პარტია არც დასავლეთია, არც აღმოსავლეთი, არც სამხრეთი და არც ჩრდილოეთი, ეს არის ხმა წარსულიდან“

  საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების სახელით გავრცელებული მიმართვის ადრესატები ღიმილის მომგვრელია.

 „როდესაც ლაპარაკობენ პროდასავლურ ძალებზე, პარტიებს მიმართავენ და ამ ჩამონათვალში არის ლეიბორისტული პარტია, რომელიც არც დასავლეთია, არც აღმოსავლეთი, არც სამხრეთი და არც ჩრდილოეთი - ეს არის ხმა წარსულიდან. როდესაც ბურჭულაძეს მიმართავენ, რომელიც კრემლიდან ნებისმიერ დასტვენაზე მიქრის, იქ კონცერტებს აწყობს და უმღერის დითირამბებს, ან „ნაციონალური მოძრაობა“. თუ ვლაპარაკობთ დასავლეთზე, თუ ვლაპარაკობთ ღირებულებებზე, რომლისკენაც ჩვენი ქვეყანა მიდის, ეს არის ადამიანის უფლებების პატივისცემა, რაშიც უზარმაზარი ნაბიჯი გადაიდგა 4 წლის განმავლობაში. ეს არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რაშიც უზარმაზარი ნაბიჯები გადაიდგა, ეს არის გეზი, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.