საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი მზად არის, საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფი დააფუძნოს

  საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

 "ჩვენ მივესალმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების თაობაზე შეიქმნას სამუშაო ჯგუფი. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული განცხადების სულისკვეთება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხსენებულ თემაზე სპეკულაციების დასრულებას და ამავდროულად მოხსნის ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს. ასევე, ჩვენ სრულიად ვიზიარებთ იდეას, რომ აღნიშნულ ჯგუფს უნდა ჰქონდეს ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფო მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, რომელიც ამავდროულად არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, მზად არის, დააფუძნოს აღნიშნული სამუშაო ჯგუფი, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანათავმჯდომარეობით. ჩვენ მზად ვართ, რომ დღესვე დავიწყოთ კონსულტაციები აღნიშნული სამუშაო ჯგუფის საქმიანობის წესსა და სტრუქტურაზე. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავითვალისწინოთ წინა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის გამოცდილება იმისათვის, რომ აღნიშნული ახალი საკონსტიტუციო სამუშაო ჯგუფი არ იყოს ისეთივე არაეფექტიანი, როგორიც წინა საკონსტიტუციო კომისია იყო“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.