საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა და სირიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ალეპოზე შეტევები შეწყვიტეს. ამის შესახებ, BBC-ის ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცახდა. შოიგუს თქმით, საჰაერო იერიშები მოსკოვის დროით დილის 10:00 საათიდან შეწყდა.
თავდაცვის მინისტრის განმარტებით, ავიადარტყმების ვადამდელი შეწყვეტა 20 ოქტომბერს ჰუმანიტარული პაუზის ამოქმედებისთვის არის აუცილებელი.
ჰუმანიტარული პაუზის დროს, სირიის ჯარი ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილის მისადგომებს დატოვებს, რომ ამბოხებულებს ქალაქიდან გასვლის საშუალება ჰქონდეთ. მათთვის სპეციალურად ორი დერეფანი შეიმნება.
"მივმართავთ იმ ქვეყნების ხელმძღვანელობებს, რომლებსაც ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში შეიარაღებულ ფორმირებებზე გავლენა აქვთ, დაარწმუნონ მათი ლიდერები, შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და დატოვონ ქალაქი", - განაცხადა შოიგუმ.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ მოსკოვი და დამასკო 20 ოქტომბერს რვასაათიანი ჰუმანიტარული პაუზის გამოცხადებას გეგმავენ იმისთვის, რომ მოსახლეობამ ქალაქის დატოვება შეძლოს. თუმცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და გაერო-ში აღნიშნულ ზომას არასაკმარისი უწოდეს.