სამართალი
ნიკოლოზ მჟავანაძე: მოვითხოვთ ზვიად გამსახურდიას მკვლელობასთან დაკავშირებით ირინა სარიშვილს დაკითხვას

  საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე, რომელიც დაკვალიფიცირებულია 1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მესამე პუნქტით (1993 წელს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი) – განზრახ მკვლელობა ჩადენილი დაზარალებულის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

 “უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეიტანა წერილი და მედიისთვის სპეციალური განცხადებაც გააკეთა:

 “23 წლის წინ, 18 ოქტომბერს საქართველოს ყოფილ მთავრობის ვიცე პრემიერმა ირინა  სარიშვილმა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გააკეთა განცხადება  პირველი პრეზიდენტის ლიკვიდიციაზე. მან ბრძანა, რომ გამსახურდია  ცოცხალი არ უნდა გაუშვან გროზნოში და იგი უნდა დარჩეს საქართველოში სახეცვლილი ფორმით. ჩვენ ვნახეთ, რომ მოვლენები სწორედ ისე განვითარდა, რასაც  ყოფილი ვიცე პრემიერი ითხოვდა და  გამსახურდია  მოკლეს და საზოგადოებას შესთავაზეს  სახეცვლილი ვერსია მომხდარისა, რომ მან თავი მოიკლა.

 “უფლებადამცველთა გაერთიანებამ”  მთავარ პროკურატურაში შეიტანა წერილი სადაც  დაფიქსირებულია მოთხოვნა, დაკითხულ იქნეს საქართველოს ყოფილი მთავრობის ვიცე პრემიერი  ირინა სარიშვილი მის მიერ  18.10. 1993 წელს  გაკეთებულ განცხადებებსა  და პირველი პრეზიდენტის მკვლელობასთან დაკავშირებულ  სხვადასხვა გარემოებებზე. შესაძლოა, ირინა სარიშვილს  გააჩნდეს ის ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება გამოძიებას და ხელს შეუწყობს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტებოს დადგენას”.