საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპმა გამოთქვა სურვილი, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სურს მანამ, სანამ მისი ინაუგურაცია მოხდება.
რადიოწამყვან მაიკლ სევაჯის შეკითხვაზე, თუ როგორ აიცილებდა იგი თავიდან რუსეთთან ომს, ტრამპმა უპასუხა, რომ ამერიკელი ლიდერების პრობლემა ისაა, რომ ისინი ხშირად აყენებენ შეურაცხყოფას პუტინს.
"არაა გასაკვირი, რომ იგი (პუტინი) ვერც ობამას იტანს და ვერც ჰილარი კლინტონს. მე ჩემი შეხვედრა პუტინთან ადმინისტრაციული სამუშაოების დაწყებამდე წარმომიდგენია, ვფიქრობ, ეს მშვენიერი იქნებოდა", - აცხადებს ტრამპი.
რესპუბლიკელ კანდიდატს რუსულ-ამერიკული ურთიერთობების დარეგულირების შესახებ მზადყოფნა არაერთხელ გამოუთქვამს. ერთ-ერთ ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინი თავის ქვეყანაში უკეთესი ლიდერია, ვიდერე ბარაკ ობამა აშშ-ში. თავის მხრივ, გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უცნობია, როგორი იქნება რუსეთთან დაკავშირებით ამერიკული პოლიტიკა არჩევნების შემდეგ. უფრო ადრე კი პუტინმა დონალდ ტრამპს “ნათელი და ნიჭიერი ადამიანი უწოდა”.