აქტუალური
“რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა ამერიკის შიდა პოლიტიკურ პრობლემებს ემსხვერპლა. ის, შესაძლოა, ამერიკის პრეზიდენტის არჩევის შემდეგ აღდგეს” - პუტინი

   საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბიზნესფორუმზე “რუსეთი გვიხმობს” აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუარესების მიზეზი გაამხილა: “ჩვენ აშშ-სთან კარგი ურთიერთობის მომხრე ვართ, მაგრამ მოქმედ ადმინისტრაციასთან დიალოგის წარმოება ძალიან რთულია. დიალოგი, პრაქტიკულად, არ არსებობს. იცით, ის როგორ გამოიყურება? ადმინისტრაცია აყალიბებს, რა სჭირდება, მერე კი დაჟინებით მოითხოვს, რომ ეს შესრულდეს. მაგრამ ეს დიალოგი კი არა, დიქტატია! რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სიტუაცია მოწესრიგდეს? საჭიროა პარტნიორულად მოქცევა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინება”. 

  “ამ პროცესის ყველა მონაწილე ბოროტად იყენებს ანტირუსულ რიტორიკას და ჩვენს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობას წამლავს. ეს კი ცუდია, - თქვა პუტინმა, - ამავე დროს, ხან მარცხენა, ხან მარჯვენა ყურში ჩაგვჩურჩულებენ: ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ახლა ეს ყველაფერი გაივლის და ჩვენ ისევ ვიმეგობრებთო. მაგრამ ასე არ შეიძლება, არ შეიძლება, შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში რუსეთის ხურდა ფულივით გამოყენება სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის საზიანოდ. ეს, სულ ცოტა, არასერიოზულია...”

  “წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში ნებისმიერი მოქმედი ხელისუფლება აკვირდება, როგორ ააგოს კამპანიის ტაქტიკა. ნებისმიერ ხელისუფლებას ყოველთვის აქვს გადაუჭრელი საკითხების პრობლემა. მათ უნდა აჩვენონ და აუხსნან ამომრჩეველს - რატომ არ გააკეთეს ესა თუ ის. ასეთი პრობლემები აშშ-შიც საკმარისად არის, თუმცა ეს, ეჭვგარეშე, მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკა, დიადი “დერჟავაა”. მაგალითად, უზარმაზარი სახელმწიფო ვალი დაყოვნებული მოქმედების ნაღმია როგორც თავად აშშ-ის ეკონომიკისთვის, ისე მსოფლიო ფინანსური სისტემისთვის”, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ბრიკსის სამიტზე გოაში.