საზოგადოება
აფხაზეთის პროდუქცია მოსკოვის აგროფორუმზე ყველაზე "სუფთად" აღიარეს

  საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. ევროპის ყველაზე მსხვილ აგროსამრეწველო გამოფენაზე “ოქროს შემოდგომა - 2016" მოსკოვში აფხაზური პროდუქცია ეკოლოგიურად ყველაზე სუფთად იქნა აღიარებული, აღნიშნა რუსეთში აფხაზეთის სავაჭრო წარმომადგენელმა ოლეგ ბარციცმა ხუთშაბათს, 13 ოქტომბერს, რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრისას.

 "აფხაზმა მწარმოებლებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ მათი პროდუქცია გამოფენის 2 ათასზე მეტ ნომინანტს შორის სხვადასხვა ქვეყნიდან და რუსეთის რეგიონებიდან ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა და მაღალი ხარისხისაა", - თქვა ოლეგ ბარციცმა.

 აფხაზეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაურ თარბამ მადლობა გადაუხადა აგროსამრეწველო გამოფენის "ოქროს შემოდგომა - 2016" მონაწილეებს და იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს აფხაზეთიდან მონაწილეთა რაოდენობა და პროდუქციის ასორტიმენტი გაიზრდება.

 აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხაზი გაუსვა, რომ ხელმძღვანელობის წინაშე დგას ამოცანა, რამდენჯერმე გაზარდოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობები ფინანსირების სფეროში. პრეზიდენტმა რწმენა გამოთქვა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ სახსრებს აუცილებლად მიიღებს.

 რუსეთის XVIII აგროსამრეწველო გამოფენაზე "ოქროს შემოდგომა - 2016", რომელიც 5-8 ოქტომბერს ჩატარდა მოსკოვში, აფხაზ მწარმოებლებს 31 მედალი მიენიჭათ, მათ შორის, 14 - ოქროსი.