სამართალი
თეა წულუკიანი - ნებისმიერი პარტიის მხარდამჭერებმა უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელის აღმართვაზე პროკურატურას მძიმე პოზიცია ექნება

  საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 „როცა ამომრჩეველი ხელს აწევს პოლიციაზე, როდესაც ამომრჩეველი არ დაინდობს საკუთარი რაიონის პოლიციის უფროსს, რომელსაც ყბა აქვს გატეხილი, ალბათ, უნდა გვესმოდეს, რომ ასეთ რამეებს სახელმწიფო ვერ შეიწყნარებდა. სწორედ სპეცრაზმის სამაგალითო ქცევის შედეგადაც, ჩვენ მარნეულში კენჭისყრის ღამეს თავიდან ავიცილეთ სერიოზული დაპირისპირება, რომელიც, როგორც ჩანს, პროვოკაციულმა ჯგუფებმა დაგეგმეს. ახლა საქმე არის სასამართლოს ხელში, საქართველოს პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს”, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, რომელმაც ჯიხაშკარში მსგავსი საქციელი ჩაიდინა, ციხეშია.

 „როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა, ასევე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა უნდა იცოდნენ, რომ როდესაც ხელს აღმართავ სახელმწიფოს წინააღმდეგ, პროკურატურას ექნება ძალიან მძიმე პოზიცია”, - განაცხადა თეა წულუკიანმა.