აქტუალური
Die Welt - “ქართულმა ოცნებამ” სააკაშვილის ოცნებები დაამსხვრია

  საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას გერმანული გამოცემა Die Welt.

 როგორც პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს, არჩევნების მეორე დღეს, გამთენიისას უკვე ნათელი გახდა, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნება” ლიდერობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა მომხრეებს გამარჯვება მიულოცა. პარტიის შტაბთან “ქართული ოცნების” მხარდასაჭერად საქართველოს ყოფილი პრემიერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილიც კი მივიდა, რომლის მხარდაჭერითა და ფინანსური დახმარებით პარტიამ 2012 წლის არჩევნებში გაიმარჯვა.

 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბანაკში კი, პირიქით, იმედგაცრუება სუფევდა. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობას იკავებს, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე პარტიის გამარჯვებაში დარწმუნებული იყო.

 "მან განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ უხელფასო შვებულებას აიღებდა და საქართველოში ჩავიდოდა, იმის მიუხედავად, რომ იქ მას სამსახურებრივი უფლებამოსილებების გადამეტების ბრალდებების გამო პატიმრობა ემუქრებოდა", - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

 "პარტიის მჭიდრო კავშირმა სააკაშვილის ფიგურასთან, შესაძლოა, ზიანიც კი მოუტანა მას. საპრეზიდენტო ვადის ბოლოს სააკაშვილის მმართველობის სტილში ავტორიტარული ტენდენცია შეინიშნებოდა და ხალხს ეს არ დავიწყებია", - მიიჩნევს სტატიის ავტორი.

 მასალაში ნათქვამია, რომ მცირე პროდასავლურმა პარტიებმა ხუთპროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახეს, ხოლო პოპულისტურმა პრორუსულმა პარტიამ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა" აუცილებელი ხუთი პროცენტი დააგროვა და პარლამენტში მოხვდა.