სამართალი
სუს-ის წარმომადგენლები აშშ-ის სენატორ ჯო დონელის და კონგრესის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ

  საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტისა და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა შეხვედრა გამართეს სენატორ ჯო დონელის ხელმძღვანელობით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციასთან.

 შეხვედრაზე განიხილეს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) უსაფრთხოების საკითხები.

 შეხვედრაზე აღინიშნა ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის განსაკუთრებული მნიშვნელობა. საუბარი შეეხო ამ მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. აშშ-ის დელეგაციის წევრებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა ურთიერთობის შემდგომი გაღრმავებისადმი და მადლობა გადაუხადეს ქართულ მხარეს ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის.