საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. დასავლეთის ქვეყნები სირიაში არსებული სიტუაციის გამოყენებას და ანტირუსული ისტერიის გაღვივებას ცდილობენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. პუტინის თქმით, აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთს სრულიად უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებენ.
ამგვარი ისტერიის ერთ-ერთ გამოვლინებად პუტინი აშშ-ის განცხადებებს უწოდებს სირიაში ჰუმანიტარულ კოლონაზე თავდასხმის შესახებ. ვაშინგტონი ამაში რუსეთს ადანაშაულებს. პუტინის თქმით კი, დასავლეთში მშვენივრად იციან, ვინ დაბომბა ეს კოლონა.
„ეს ერთ-ერთი ტერორისტული დაჯგუფებაა. ამერიკელებმა ეს იციან, მაგრამ მათ ურჩევნიათ სხვა პოზიცია დაიკავონ და რუსეთს უსაფუძვლო ბრალდებები წაუყენონ. ეს კი საქმეს არ გამოადგება,“ – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, ასეთი დამოკიდებულების კიდევ ერთი მაგალითია სირიის საკითხზე გაეროში მომზადებული რეზოლუციის პროექტი. „მათ მშვენივრად იცოდნენ, რომ რუსეთი ამ გადაწყვეტილებას ვეტოს დაადებს. მაგრამ რეზოლუცია მაინც გაიტანეს. რისთვის? რომ შემდეგ სიტუაცია გაამწვავონ და ანტირუსული ისტერია მოაწყონ,“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინის თქმით, მოსკოვი დასავლეთთან სირიის საკითხზე სამუშაოდ მზად არის, მაგრამ ამისთვის დიალოგია აუცილებელი, რომლისთვისაც აშშ მზად არ არის.