საზოგადოება
საქინფორმი: აშშ–ის ელჩმა იან კელიმ Тwitter –ზე ორ სიტყვაში გააჟღერა აშშ–ის ახალი დირექტიული გზავნილი საქართველოსადმი

    საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ–ის ელჩი საქართველოში იან კელი მიესალმება "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გადაწყვეტილებას, მონაწილეობა მიიღონ არჩევნების მეორე ტურში - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ტვიტერის გვერდზე გუშინ გავრცელებულ მოკრძალებულ განცხადებაში. როგორც ელჩი იან კელი მიიჩნევს, ქვეყნებს წარმატებული განვითარებისთვის  პოლიტიკური და მედია პლურალიზმი სჭირდებათ.

  “მივესალმები წუხანდელ გადაწყვეტილებას არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღების შესახებ. ქვეყნებს სჭირდებათ პოლიტიკური და მედიაპლურალიზმი წარმატებისა და განვითარებისთვის. აშშ მზად არის დასახმარებლად”, - ნათქვამია აშშ-ის ელჩის ლაკონურ განცხადებაში სოცქსელში.

  საქინფორმი აღნიშნავს, რომ აშშ–ის ელჩმა საქართველოში ამ ორ წინადადებაში პრაქტიკულად წარმოადგინა არა მარტო აშშ–ის პოზიცია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, არამედ აშშ–ის პოლიტიკური განზრახვა საქართველოში უახლოეს პერსპექტივაზე, კერძოდ:

  1. “ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად უნდა დარჩეს უახლოესი 4 წლის განმავლობაში ერთადერთ ოპოზიციურ ძალად საქართველოს ორპარტიულ პარლამენტში და არ დაიშალოს, როგორც ალასანიას და ბურჭულაძის პარტიები. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს, პარლამენტში შევა მხოლოდ „ქართული ოცნება“ და პოლიტიკური პლურალიზმი ქვეყანაში არ იქნება.

  2. “ნაციონალური მოძღაობა“ მთლიანად უნდა გათავისუფლდეს შეშლილი სააკაშვილის კონტროლისგან, რომელსაც აშშ–მა დიდი ხანია ჯვარი დაუსვა. თუ სააკაშვილი გაბრაზდება და ოდესიდან ფულის გამოგზავნას შეწყვეტს, აშშ მზადაა პარტიას ფინანსებით დაეხმაროს.

  3. ტელეკომპანია „რუსთავი 2“–მა დაუბრკოლებლად უნდა განაგრძოს თავისი საქმიანობა არჩევნების შემდგომაც, თანაც ამჟამინდელი მენეჯმენტის პირობებში, ეს იქნება მედიაპლურალიზმის მთავარი მაჩვენებელი ქვეყანაში.