უცხოეთი
თურქეთმა და რუსეთმა "თურქეთის ნაკადის" შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

  საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. თურქეთმა და რუსეთმა გაზსადენის "თურქეთის ნაკადის" ორი ხაზის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ვლადიმერ პუტინისა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მოლაპარაკებების შედეგად გაფორმდა.

 რუსული მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა, თურქული მხრიდან კი - ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ბერატ ალბაირაკმა. ხელმოწერის ცერემონიას ორი ქვეყნის პრეზიდენტები ესწრებოდნენ.

 ერთობლივ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ შეთანხმება თურქი მომხმარებლებისთვის გაზის ფასზე შეღავათს ითვალისწინებს.

 როგორც მანამდე "გაზპრომის" ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განაცადა,  შეთანხმება ითვალისწინებს შავი ზღვის ფსკერზე მაგისტრალური მილსადენის ორი ხაზის მშენებლობას, თითოეულის სიმძლავრე 15,75 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. პირველი ხაზით გაზი თურქ მომხმარებელს მიეწოდება. მისი მშენებლობა 2019 წლის მეორე ნახევარში უნდა დასრულდეს. მეორე ხაზის გამოყენება გაზის ევროპაში ტრანსპორტირებისთვის იგეგმება. მისი მშენებლობის დასრულების თარიღი მილერს არ დაუსახელებია.

 "გაზპრომში" აცხადებენ, რომ "თურქული ნაკადი" რუსული გაზის ევროპაში მიწოდების ერთადერთი მარშრუტი უნდა გახდეს, რაც უკრაინის გავლით ტრანზიტის რისკებს შეამცირებს.

 პრესკონფერენციაზე ერდოღანმა პირობა დადო, რომ "თურქული ნაკადის" მშენებლობის სამუშაოები თურქული მხრიდან დაჩქარებული იქნება.

 "თურქული ნაკადი" პროექტ "სამხრეთის ნაკადის" შემცვლელად მოიაზრება, რომელიც ევროკავშირმა დაბლოკა.

 "თურქული ნაკადის" პროექტზე მუშაობა 2015 წლის ნოემბერში რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაუარესების გამო შეწყდა.