საზოგადოება
გივი თარგამაძე: „მიშას პოლიტიკაში შემოსვლის პირველი დღიდან მის გვერდში ვარ, მაგრამ მე მაქვს ჩემი გონება და ჩემი გული“

  საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გივი  თარგამაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

 როგორც თარგამაძე წერს,  პარლამენტში შესვლაზე, მეორე ტურებში ბრძოლაზე უარის თქმა თვითიზოლაციის ორგანიზებაა.

 „დღეს, როდესაც შეგვიძლია მოვიპოვოთ დასავლელი პარტნიორების, აწ დაშლილი პროდასავლური პარტიების მხარდამჭერების მაქსიმალური მხარდაჭერა, ვიქცეთ ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანის მთავარი გარანტად, პოლიტიკური ბრძოლით ავაცილოთ ქვეყანას ყველაზე შავბნელ წარსულში დაბრუნება, მივიყვანოთ სიტუაცია დანაშაულებრივი ხელისუფლების ბუნებრივ ჩამოშლამდე, ემოციების ან პერსონალური სურვილების გამო ამ ყველაფერზე უარის თქმას კატეგორიულად შევებრძოლები. ნურავინ მეტყვის, რომ ჩემზე კარგად ესმის სიტუაცია ქვეყანაში. 30 წელიწადია, ამ ბრძოლაში ვარ. მიშას პოლიტიკაში შემოსვლის პირველი დღიდან მის გვერდში ვარ და არაფერზე უკან არ დამიხევია. მაგრამ მე მაქვს ჩემი გონება, ჩემი გული და ჩემი მებრძოლი სული. ამიტომ, მხოლოდ იმ მიმართულებას დავუჭერ მხარს, ვინაიდან ზუსტად ვიცი, რომ ესაა სწორი. ჩემთვის მთავარია სამშობლო და ქართული სახელმწიფო. ამისთვის, თუ საჭიროა, ჩემს გადარჩენილ სიცოცხლეს უყოყმანოდ გავწირავ“, - წერს გივი თარგამაძე.