უცხოეთი
რუსეთი ტარტუსში მუდმივმოქმედი სამხედრო-საზღვაო ბაზის განთავსებას გეგმავს

  საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთი სირიის საპორტო ქალაქ ტარტუსში მუდმივმოქმედი სამხედრო-საზღვაო ბაზის განთავსებას გეგმავს. ამის შესახებ, BBC-ის ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოლაი პანკოვმა განაცხადა. მისი თქმით, უწყება უკვე ათანხმებს შესაბამის დოკუმენტებს. პანკოვი იმედოვნებს, რომ დოკუმენტების რატიფიცირებაზე წარდგენა მალე მოხდება.

 როგორც “ინტერფაქსი” წერს, სამხედრო-საზღვაო ბაზის მიზანი  ინფრასტრუქტურის დაცვა იქნება.

 2015 წლის მარტში ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელმა ვიქტორ ოზიოროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ტარტუსში სრულფასოვანი სამხედრო ბაზის შექმნას ჯერ არ გეგმავს. მაშინ ოზიოროვი განმარტავდა, რომ ბაზის განთავსება სირიაში ვითარების ესკალაციას გამოიწვევდა. ამავე დროს სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი აცხადებდა, რომ დამასკო სირიულ პორტებში რუსეთის სამხედრო ძალების რაოდენობის გაზრდას მიესალმება.

 ამჟამად ტარტუსში მოქმედი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პუნქტი რუსეთის ერთადერთი სამხედრო ობიექტია.

 აღსანიშნავია, რომ 7 ოქტომბერს რუსეთის თავდაცის სამინისტროში არ გამორიცხეს, რომ შესაძლოა, მოსკოვმა სამხედრო კონტინგენტი კუბასა და ვიეტნამშიც დააბრუნოს.