საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. ავღანეში თალიბი მებრძოლები ჰელმანდის პროვინციის დედაქალაქში - ლაშქაარგაჰში შევიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. როგორც ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, მოძრაობა “თალიბანმა” ქალაქის საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე შეტევა განახორციელა.
ქალაქში დაკეტილია აეროპორტი და მაღაზიები. გარეუბნებში კი შეტაკებები მიმდინარეობს.
ლაშქარგაჰის ჩრდილოეთ ნაწილში მდებრე საკონტროლო გამშვებ პუნქტთან სავარაუდოდ თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული მანქანა ააფეთქა. ჰელმანდის პროვინციის მთავრობის წარმომადგენელი BBC-სთან საუბრისას აცხადებს, რომ აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ თალიბებმა ბოლანის რაიონი დაიკავეს და ქალაქის ცენტრისკენ მიემართებიან.
როგორც BBC წერს, ჰელმანდი თალიბებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროვინციაა, რადგან იქ ოპიუმს აწარმოებენ, რომლის ვაჭრობითაც მოძრაობის საქმიანობა ფინანსდება.
ჰელმანდის პროვინციაში წლების განმავლობაში ნატო-ს ძალებსა და თალიბებს შორის ბრძოლა მიმდინარეობდა. 2014 წელს ალიანსმა პროვინციაზე პასუხისმგბელობა ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს გადააბარა.