საზოგადოება
პაატა ბურჭულაძის პარტია, შესაძლოა, პაატა ბურჭულაძემ დატოვოს

  საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. არ არის გამორიცხული, რომ, ირაკლი ალასანიას კვალდაკვალ, პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადოს. „სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრი გოგა კალაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პაატა ბურჭულაძე პარტიას ტოვებს.

 მანვე აღნიშნა, რომ პარტიაში თათბირის შემდეგ გახდება ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორი იქნება პარტიის სამომავლო გეგმა და რა გადაწყვეტილებას მიიღებს პაატა ბურჭულაძე.

 „პარტია არ იშლება. ეს ცოცხალი ორგანიზმია, ზოგი მიდის, ზოგი მოდის“, - განაცხადა გოგა კალაძემ.

 „ეს გამორიცხულია! ჩვენ არსად არ მივდივართ! ჩვენ ერთადერთი პარტია ვართ, რომელსაც საქართველოს გადარჩენა შეუძლია! – ნახეთ, რა სამარცხვინო კადრებით აკომპლექტებენ პარლამენტს!“ – განუცხადა ბურჭულაძემ მის ოფისთან მყოფ ჟურნალისტებს, თუმცა მეტ კომენტარზე უარი განაცხადა, დაჰპირდა რა მათ, რომ ხვალ, 12 ოქტომბერს, საგანგებო ბრიფინგს გამართავს და ყველა კითხვას უპასუხებს.

 რაც შეეხება გიორგი ვაშაძის პარტიას – ბურჭულაძის პარტიის პარტნიორს, თავად ვაშაძის განცხადებით, მისი შემდგომი მოქმედებები დამოუკიდებულია პაატა ბურჭულაძის გადაწყვეტილებებზე.