პოლიტიკა
„არჩევნების დღემ მშვიდად ჩაიარა“ – გიორგი მარგველაშვილი

  საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

 „საარჩევნო გარემო, საარჩევნო პროცესი, რომელიც თვე-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა, იყო მშვიდი, კონსტრუქციული, რიგი გამონაკლისების გარდა, რომელიც საერთო ფონს არ ართულებდა და არ ცვლიდა. ფაქტობრივად, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ჩვენს ქვეყანაში არჩევნების დღემ ჩაიარა მშვიდად“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 „ეს არჩევნები შეფასდება როგორც 8 ოქტომბრით, ასევე რვა ოქტომბრის ექსცესებზე და ინციდენტებზე დროული რეაგირებით, ასევე იმით, თუ როგორც მივალთ არჩევნების მეორე ტურამდე და როგორც ჩავატარებთ ამ მეორე ტურებს. მოლოდინი, წინასწარი მონაცემებით, არის ის, რომ არაერთი მეორე ტური იქნება. კიდევ ერთხელ გთხოვთ, აქტიურები იყოთ მეორე ტურებზეც. ამომრჩეველმა აჩვენოს თავისი ინტერესი და ჩართულობა ამ პროცესში, როგორც ეს აჩვენა 8 ოქტომბერს. მოვუწოდებ შესაბამის სტრუქტურებს, იმ დარღვევებზე, რაც განხორციელდა, მოახდინონ დროული და პრინციპული რეაგირება. ყველამ ერთად არ დავიშუროთ ძალისხმევა, რომ 2016 წლის ოქტომბრის არჩევნები შევიდეს საქართველოს ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხით და სტანდარტით ჩატარებული არჩევნები“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.