სამართალი
გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმე გახსნილია

  საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, საქმე გახსნილია და იდენტიფიცირებულია დანაშაულებრივ ფაქტთან კავშირში მყოფი პირი. 
 შსს-ს ინფორმაციით, ინდენტიფიცირებული პირის ადგილმდებარეობა ამ დროსთვის დაუდგენელია. გარდა ამისა, აღნიშნული პირისა და მასთან კავშირში მყოფ სხვა პირების სახლებში ჩატარებულია ჩხრეკა, საიდანაც ამოღებულია დიდი რაოდენობით იარაღი.
 "განსაკუთრებული საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისგან შემდგარი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის მიერ დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად საქმე გახსნილია. იდენტიფიცირებულია ხსენებულ დანაშულებრივ ფაქტთან კავშირში მყოფი პირი. როგორც საზოგადოებას აქამდე ეცნობა, საგამოძიებო ჯგუფის მიერ შემთხვევიდან უმოკლეს დროში დაიწყო პირველადი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება. კერძოდ, ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ დეტალურად იქნა დათვალიერებული შემთხვევის ადგილი; დაიკითხა ათეულობით მოწმე; შემთხვევის ადგილის მიმდებარედ და აფეთქებული ავტომანქანის გადაადგილების მარშრუტის მიხედვით ამოღებულ იქნა გარე სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები; ასევე, ჩატარდა და მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.
სწორედ ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შესაძლებელი გახდა გამოძიების მიერ დანაშაულებრივ ფაქტთან კავშირში მყოფი პირის იდენტიფიცირება. გამოძიების ფარგლებში ასევე მოპოვებულია სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელზეც, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ.
ამჟამად, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, მიმდინარეობს ხსენებული პიროვნების და მასთან კავშირში მყოფი სხვა პირების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად, სამართლდამცველებმა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, სავარაუდოდ ასაფეთქებელი ნივთიერებები და მათ დასამზადებლად განკუთვნილი საშუალებები, მჭიდები, ვაზნები და ნიღბები ამოიღეს.
 რაც შეეხება გამოძიების მიერ იდენტიფიცირებულ პირს, მისი ადგილსამყოფელი ამ ეტაპზე დაუდგენელია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მისი დაკავების მიზნით. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 
 საქინფორმი აღნიშნავს, რომ გუშინ, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეში მონაწილე პირის დაკავების მიზნით, გლდანის ერთ-ერთ მიკრორაიონში სპეცოპერაცია მიმდინარეობდა. სამართალდამცველები დათო ხეჩუაშვილის დაკავებას ცდილობენ, რომელიც სოდ-ის თანამშრომელი იყო. მეზობლების განცხადებით, ხეჩუაშვილი ბოლო დროს უკრაინაში იმყოფებოდა.