საზოგადოება
საქინფორმი მკვეთრ პროტესტს უცხადებს გაეროს საელჩოს საქართველოში: ელჩი სკოტი მიკერძოებულად აფასებს სიტუაციას საქართველოში, ახდენს კრიმინალის პოლიტიზებას და გამოძიების კომპეტენციაში ერევა!

  საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. ბოლო დღეების მოვლენებმა წინასაარჩევნო გარემოს სურათი შეცვალა, - ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს ელჩმა ნილ სკოტმა ჟურნალისტებს საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

 „ერთი კვირის წინანდელ პერიოდამდე შეიძლებოდა გვეთქვა, რომ  ეს არის სამაგალითო წინასაარჩევნო გარემო ყველანაირი გაგებით, მათ შორის მედიაგაშუქების თვალსაზრისითაც. უკანასკნელი დღეების მოვლენებმა, რა თქმა უნდა, შეცვალა სურათი. გაერო, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია გმობს ყველანაირ ძალადობას, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ხდება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება. მინდა, აღვნიშნო, რომ მედიის წვლილი ამ კარგი საარჩევნო გარემოს შექმნაში არის მნიშვნელოვანი”, - განაცხადა ნილ სკოტმა.

 საქინფორმი ხაზს უსვამს, რომ გაეროს ელჩი საქართველოში ნილ სკოტი თავისი განცხადებით მიკერძოებულად აფასებს სიტუაციას საქართველოში, სადაც ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა არჩევნებისთვის დემოკრატიული გარემოს შესაქმნელად.

 საქინფორმი ხაზს უსვამს, რომ გაეროს ელჩი საქართველოში ნილ სკოტი გაცნობიერებულად არ ითვალისწინებს, რომ ავტომანქანის აფეთქება შესაძლოა დაგეგმილი იყო არა საქართველოში, არამედ ოდესაში, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელსაც საქართველოს მთავარი პროკურატურა მძიმე სისხლის სამართლის ბრალდებებით ეძებს. ამას მოწმობს აუდიოჩანაწერი, რომლის გახსენებაც, რატომღაც, არ ინება დიპლომატმა სკოტმა.

 საქინფორმი ხაზს უსვამს, რომ გაეროს ელჩი საქართველოში ნილ სკოტი ახდენს ცალკეული ინციდენტის პოლიტიზებას, ანიჭებს რა მას პოლიტიკური მოტივებით განხორციელებული ტერაქტის კვალიფიკაციას, რომელმაც, თითქოსდა, უარყოფითი გავლენა მოახდინა წინასაარჩევნო გარემოზე საქართველოში, თუმცა, ეს შესაძლოა იყოს სააკაშვილის ექსმმართველი პარტიის პროვოკაცია, რომელიც არჩევნებს აგებს, ასევე, იყოს ჩვეულებრივი კრიმინალი, ბატონი თარგამაძის კრიმინალური პიროვნების გათვალისწინებით.

 ქართული საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი მოუწოდებს გაეროს საელჩოს საქართველოში და პირადად ელჩ ნილ სკოტს, ამიერიდან თავი შეიკავოს მსგავსი განცხადებებისგან, რომლებიც ზეწოლას ახდენს გამოძიებაზე და ხელს უშლის მის ობიექტურად ჩატარებას