საზოგადოება
„წინასაარჩევნო კამპანია გამოირჩეოდა საოცარი თავისუფლების ხარისხით, ბევრი პირისა და პარტიის შეჯიბრით“ – თეა წულუკიანი

  საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას განუცხადა.

 “ეს  წინასაარჩევნო კამპანია იყო ყველაზე თავისუფალი, მთავრობის მხრიდან ხელშეწყობილი ყველა პარტიის სასარგებლოდ. პრობლემები, რა თქმა უნდა, გამოიკვეთა. თუნდაც ის,  რომ მუნიციპალიტეტები ვერ აძლევენ პარტიებს და დამოუკიდებელ კანდიდატებს სათანადო სივრცეს, რათა ყველამ თავისი სააგიტაციო მასალა განათავსოს, რათა მოსახლეობას ინფორმირებული არჩევანის საშუალება ჰქონდეს. რეალურად, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს პლაკატების ომი, იყო 7 სისხლის სამართლის საქმე ცემის ფაქტზე, მათ შორის, როცა „ქართული ოცნების“ ქალბატონები იყვნენ ნაცემი.  ახალგაზრდა გოგონა გაიმეტეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა. მათ ბრალი წაეყენათ და ვნახოთ, რას იტყვის სასამართლო. იყო შემთხვევები,  როდესაც „ქართული ოცნების“ აქტივისტები ამჟღავნებდნენ ძალადობას ოპოზიციური პარტიის აქტივისტებისადმი, იყო ასევე შემთხვევები,  როდესაც ლეიბორისტული პარტიის წევრების წინააღმდეგ ყოფილი ლეიბორისტები ამჟღავნებდნენ ძალადობას.  ჩვენ მომავალში კიდევ უფრო კარგად უნდა ვიმუშაოთ, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთის კიდევ უფრო მაღალი თავისუფლების და სიმშვიდის ხარისხი ვაჩვენოთ“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.