პოლიტიკა
„თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრი: „ბევრს უნდა „თავისუფალი ზონიდან“ და „ნაცმოძრაობიდან“ წამოსვლა, მაგრამ ეშინიათ...“

  საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. „თავისუფალი ზონა“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთმა წევრმა იგორ შეიკინმა დატოვა.

 “ბოლო პერიოდში ჩემთვის ცნობილი გახდა,  რომ არჩევნების შემდეგ პარტიაში იგეგმებოდა ძალადობრივი ქმედებები და პროვოკაციები, რაც ჩემთვის მიუღებელია“, - განაცხადა იგორ შეიკინმა.

 „ყოველდღიურად გვესაუბრებოდნენ, რომ უნდა მოგვეწყო პროვოკაციები, ვიდრე არ დაგვარბევდნენ და არ გამოვაჩენდით, რომ მოძალადე მთავრობა ებრძვის ოპოზიციას. ირჩეოდა ხალხი, ვის უნდა მოეწყო ეს პროვოკაციები. არიან იქ კონკრეტული ადამიანები, არის წრე, რომელსაც ამზადებენ არეულობისთვის, რომლებსაც ენდობიან და ყველაფერზე წამსვლელები არიან. მე ამ წრის წევრი არ ვყოფილვარ და, როდესაც გამოვაცხადე, რომ ამ არეულობაში მონაწილეობას არ მივიღებდი, მაშინვე მოღალატედ და ჩანერგილად მომნათლეს. ვიცი, ბევრს უნდა „თავისუფალი ზონიდან“ და პარტიიდან წამოსვლა, თუმცა უკვე ღრმად აქვთ შეტოპილი და ეშინიათ,  ვერ მოდიან”, - განაცხადა შეიკინმა.