საზოგადოება
საქალაქთაშორისო რეისებით მგზავრობა ძვირდება

marshutkaaტრანსპორტის სფეროში დასაქმებულთა პროფკავშირის თავმჯდომარე, ლავრენტი ალანია, ქვეყნის დასავლეთისა და აღმოსავლეთის მიმართულებებით საქალაქთაშორისო სამარშრუტო რეისებით მგზავრობის გაძვირებასთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენციას გამართავს.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მგზავრობის საფასურის მოსალოდნელ მატებაზე სრულ პასუხისმგებლობას ტრანსპორტის ადმინისტრაციას აკისრებს და სფეროში არსებული ვითარების დარეგულირებას ითხოვს.

პროფკავშირში მიიჩნევენ, რომ მალე მგზავრების დიდი ნაწილი ე. წ. მტაცებლის მგზავრი გახდება, რადგან ასეთი ტრანსპორტი დაურეგისტრირებელი, გადასახადების არ გადამხდელი, სახიფათო, თუმცა, ამავე დროს, უფრო იაფია. გადასახადების გადამხდელ და მოწესრიგებულ ავტოტრანსპორტის მძღოლებს კი გადაადგილება მგზავრების გარეშე უწევთ და, სანამ ეს პრობლემა არ დარეგულირდება, ეს სფერო მძღოლებისთვისაც არარენტაბელური იქნება.

პრესკონფერენციაზე საუბარი რუსთავის სამარშრუტო სექტორში არსებულ ვითარებასა და მგზავრობის ფასის მოსალოდნელ ზრდას შეეხება, სადაც ყოველდღიურად 10 ხაზზე 700 რეგისტრირებული და დამატებით 100-ზე მეტი "მტაცებელი" გადაადგილდება.