საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ს პრეზიდენტობის რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან ამ ეტაპზე არ იცის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან რა სახის ურთიერთობა ექნება. როგორც NBC News იტყობინება, აღნიშნულის შესახებ ტრამპმა ნევადას შტატის ქალაქ ჰენდერსონში საკუთარ მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ "დონალდ ტრამპს პუტინი უყვარს". "არ მიყვარს და არც მძულს, დავინახავთ, რა ურთიერთობა გვექნება. შესაძლოა კარგი ურთიერთობა გვქონდეს, ან იქნებ საშინელი დამოკიდებულება იყოს ჩვენს შორის ...",-განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამავე დროს, რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, იგი მზადაა რუსეთთან "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე ითანამშრომლოს.
"თუ ჩვენ რუსეთთან ერთად, ერთობლივი სულისკვეთებით განვახორციელებთ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ავიაიერიშებს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს კარგი იქნება", - განაცხადა მან.