საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. ტერორისტული დაჯგუფება "ალ-ქაიდა" ევროპის ქვეყნებში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, თავდასხმების სერიას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა The Times-ი ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, ტერორისტები თავდასხმების განხორციელებას "ისლამური სახელმწიფოს" შესუსტების ფონზე აპირებენ.
"ამჟამად "ალ-ქაიდა" მშვიდად აღადგენს ძალებს", - აღნიშნავს The Times-ის რესპონდენტი, რომლის მტკიცებით, ტერორისტული ქსელი ევროპაში "სასიკვდილო დარტყმის" განხორციელებისთვის შესაფერის დროს ელოდება.
გამოცემასთან ინტერვიუში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი მაიკლ ფელონი აცხადებს, რომ "ალ-ქაიდა" სამეფოსა და მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს. ფელონის თქმით, დაჯგუფება საბოლოოდ არ დამარცხებულა.
ამასთან, The Times-ი წერს, რომ "ალ-ქაიდას" ყოფილი ლიდერის, უსამა ბინ ლადენის შვილი - ჰამზა ბინ ლადენი დაჯგუფებაში თავის გავლენას აძლიერებს, რასაც ადასტურებს მის მიერ ბოლო თვებში ჩაწერილი მრავალი ვიდეომიმართვა.