საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-სთან გაფორმებული შეთანხმება დაარღვია და ის ამერიკელ ლიდერებს პატივს არ სცემს. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ბიზნესმენმა სამშაბათს, 4 ოქტომბერს არიზონას შტატში გამართულ აქციაზე განაცხადა.
"რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვია და სირიაში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. ეს რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს ", - განაცხადა ტრამპმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ "რუსეთის ხელისუფლება პატივს არ სცემს" არც სახელმწიფოს მეთაურს ბარაკ ობამას და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატს ჰილარი კლინტონს.
4 ოქტომბერს, თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯოშ ერნესტმა აღიარა, რომ სირიის გამო, შესაძლოა შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს.
მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, შეერთებულმა შტატებმა სირიის საკითხზე რუსეთთან თანამშრომლობა შეწყვიტა. როგორც თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯოშ ერნესტმა ბრიფინგზე განაცხადა, გადაწყვეტილება საკმაოდ რთული მისაღები იყო, თუმცა ის რუსეთის მხრიან მიღწეული შეთანხმების შეუსრულებლობამ განაპირობა. თეთრი სახლის სპიკერმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ მოსკოვი საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში არ თანამშრომლობს. როგორც ჯოშ ერნესტმა განაცხადა, რუსეთი ირანის დახმარებით ცდილობს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს დაეხმაროს.