აქტუალური
"ინდუაშვილი უმანკო კრავი გამოიყვანეს, მამა აბრამის ბატკანი" - ირაკლი ოქრუაშვილი

  საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. საგამოძიებო მოქმედებების გამო გორის პოლიციაში ირაკლი ოქრუაშვილი რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

 უწყებიდან გამოსვლის შემდეგ მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ალექსანდრე ინდუაშვილი მისი შეხვედრის ჩასაშლელად იყო მისული.

 ინდუაშვილის ადვოკატის თქმით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

 „დღეს უმანკო კრავი გამოიყვანეს, მამა აბრამის ბატკანი, გეგონება, იჯდა, მზესუმზირას ჭამდა, ჩვენ მივეჭერით და ვეხულიგნეთ. ჩვეულებრივი ერთი კრიმინალია, რომელიც მოსული იყო ასარევად“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

 როგორც საქინფორმი იუწყებოდა, თავდასხმა მოხდა გორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ოქრუაშვილზე, რომელსაც მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ცეცხლი გაუხსნეს. როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა “რუსთავი 2”-თან საუბრისას განაცხადა, დაჭრილია მისი დაცვის წევრი და ერთი აქტივისტი, რომლებიც ამ დროისთვის გორის ჰოსპიტალში არიან მოთავსებული.

 „პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც სახელმწიფოში ხდება, რასაკვირველია, აქვს ხელისუფლებას, მაგრამ იჩქარო და განაცხადო, რომ ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ცოტა რთული თემაა, მით უმეტეს, ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან. ვითომ არის ანგელოზი ფრთიანი და აკეთებს ასეთ განცხადებებს, გვარებს ასახელებს. სისულელე, ცრუ განცხადებების გაკეთება არანაკლები დანაშაულია“, -განაცხადა “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ოქრუაშვილის განცხადების პასუხად.