უცხოეთი
ასანჟმა პირობა დადო, რომ ჰილარი კლინტონს მისი ფიზიკური განადგურების გეგმების შესახებ მასალებით “დაასამარებს”

  საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. ,,ვიკილიქსის’’ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი შეერთებული შტატების პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ საინტერესო მასალების გავრცელების პირობას დებს.

 ამის შესახებ მან ტელეკომპანია ,,ფოქს ნიუსთან’’ ინტერვიუში განაცხადა. შეგახსენებთ, ჯულიან ასანჟიმ ,,ვიკილიქსი’’ 2006 წელს დააარსა. მას შემდეგ ორგანიზაციის ვებ-გვერდზე პერიოდულად ვრცელდება საიდუმლო დოკუმენტები და მასალები.

 ვარაუდობენ, რომ ახალი მონაცემები, რომლის გასაჯაროვება მოხდება, “ოქტომბრის სიურპრიზი” გახდება, რომელზეც ასანჟმა ჯერ კიდევ აგვისტოში ისაუბრა. მაშინ მან განაცხადა, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღამდე მისი ორგანიზაცია მნიშვნელოვან მასალებს გამოაქვეყნებს ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით.

 WikiLeaks-ის “ტვიტერ” ბლოგიდან გამომდინარე, შესაძლებელია, საუბარი იყოს ასანჟის ფიზიკური განადგურების შესახებ მსჯელობაზე.

 ჩანაწერები ჯერ კიდევ იმ პერიოდს ეხება, როცა კლინტონი აშშ-ს სახელმწიფო დეპარატმენტს ხელმძღვანელობდა, ამერიკის მთავრობა კი უკიდურესად შეწუხებული იყო ასანჟის საიტზე გამოქვეყნებული საიდუმლო ინფორმაციებით.

 საიდუმლო დოკუმენტაციის გამოქვეყნების გამო, ჟულიან ასანჟის წინააღმდეგ საქმეა აღძრული. 2012 წელს, დიდ ბრიტანეთში ეკვადორის საელჩომ ასანჟის თავშესაფარი მისცა და იგი დღემდე იქ იმყოფება. დიპლომატიური მისიის დატოვების შემთხვევაში მას დაპატიმრება ემუქრება.

 ამასთან, შვედეთში მას ორი ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ და მის ექსტრადირებას ითხოვენ. თავად ასანჟი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.