აქტუალური
ლევან იზორია: „ავღანეთში მისიის შესრულებით ისინი თავიანთ სამშობლოს იცავენ!“

  საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მორიგი როტაცია დასრულდა.  ბატალიონი ავღანეთში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პირადად  გააცილა.  ქართველი სამხედრო მოსამსახურეები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ფარვანის პროვინციაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე იმსახურებენ. 

 „ამ მისიის შესრულებით ისინი თავიანთ სამშობლოს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც იცავენ. სიამაყის გრძნობით მინდა აღვნიშნო, რომ ეს ბიჭები  იმ დიდი ქართული საბრძოლო ტრადიციების გამგრძელებლები არიან, რითაც ჩვენ ისტორიულად გამოვირჩეოდით“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.  

 ოპერაციის რაიონის გადაბარებამდე 32-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა ამერიკელი საზღვაო ქვეითების და ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დასკვნით სწავლებას გაივლის. 32-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ავღანეთში მყოფი 52-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ჩაანაცვლეს.