საქართველოში, სადაც ყოველ მეორეს თავი პოლიტიკოსი ჰგონია და პრეზიდენტობა, მინისტრობა ან პარლამენტარობა სურს, ვერავინ შენიშნა, რომ დღეს ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. საქართველოს უახლეს ისტორიაში, სსრკ-ის დაშლის შემდეგ, ეს ეტაპები ყოველთვის საპარლამენტო არჩევნებს და ქვეყნის ხელმძღვანელის შეცვლას ემთხვეოდა, რადგან მათ მნიშვნელოვანწილად გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილის და ივანიშვილის პიროვნებები განსაზღვრავდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო პარამეტრების მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე პოლიტიკოსთა უპრეცედენტო რაოდენობა გვყავს.
გამონაკლისი არც ახალი ეტაპია, რომელიც, 2012 წელს დაწყებული წინა ეტაპის მსგავსად, კვლავაც საპარლამენტო არჩევნებს დაემთხვა და ისევ მილიარდერის, ექსპრემიერის, მეცენატისა და პოლიტიკოსის ბიძინა ივანიშვილის მიერ არის ინსპირირებული.
გახსოვთ? 4 წლის წინ ივანიშვილმა შეასრულა ის ერთადერთი ამოცანა, რომელიც თვითონვე დაისახა - უსისხლოდ გამოგლიჯა ხელიდან ძალაუფლება დიქტატორ სააკაშვილს და მმართველ პარტია “ნაცმოძრაობას“ და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი გაუყალბებელი საპარლამენტო არჩევნების ორგანიზება შეძლო. ივანიშვილი მაშინ რისკავდა, რეჟიმის მიერ დაპატიმრებული ან მოკლული ყოფილიყო, როგორც პრემიერი ჟვანია და ოლიგარქი პატარკაციშვილი - პრეზიდენტისა და უმაღლესი მთავარსარდლის სააკაშვილის ბრძანებას შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ყველა შეიარაღებული ქვედანაყოფი უსიტყვოდ შეასრულებდა! მაგრამ ივანიშვილმა ტაქტიკური სვლა გააკეთა, რომლითაც აშშ-ის მხარდაჭერა გაინაღდა - შექმნა პარტია „ქართული ოცნება“, რომელმაც ევროატლანტიკური საგარეო პოლიტიკური კურსი გამოაცხადა და მის ირგვლივ ამავე სახელწოდების კოალიციაში გააერთიანა პრაქტიკულად არარსებული, მის მიერვე რეანიმირებული პარტიები. მერე კი ამგვარად გაერთიანებული ქართული პოლიტიკური სპექტრი „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ მიმართა - და გაიმარჯვა!
გავიდა 4 წელი. ივანიშვილი, რომელმაც გამარჯვებიდან ერთი წლის შემდეგ საკუთარი ნებით დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, მას შემდეგ დუმდა და აკვირდებოდა, უმადურობას და შეურაცხყოფას ითმენდა, შეცდომებს აანალიზებდა და დასკვნებს აკეთებდა, თავის მიერ დანიშნულ თითოეულ ადამიანს - პარლამენტარებითა და მინისტრებით დაწყებული, პრემიერებითა და პრეზიდენტით დამთავრებული - შესაძლებლობა მისცა, ბოლომდე გამოემჟღავნებინათ საკუთარი დადებითი და უარყოფითი თვისებები. მაგრამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საქართველოში ყველაზე დიდი პარტიის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და ლიდერმა ქართულ სახელმწიფოში გადატვირთვის პრეზენტაცია დაიწყო, რასაც მე ზემოთ ახალი ეტაპი ვუწოდე.
რით ხელმძღვანელობს ივანიშვილი, რა მიზეზებმა უბიძგა მას გარდაქმნების აუცილებლობისაკენ? რით იქნება ახალი ეტაპი განსხვავებული წინასაგან და როგორია საქართველოში ხელისუფლების გადატვირთვის ძირითადი ამოცანები? რატომ ვვარაუდობ, რომ ივანიშვილი ისევ ძალიან რისკავს, როგორც 2012 წელს? ამ შეკითხვებს რამდენიმე სიტყვით ვუპასუხებ.
ივანიშვილი დარწმუნდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაციას სააკაშვილის რეინკარნაციისკენ მივყავართ, ამიტომ შეწყვიტა ის. ივანისშვილის კეთილი რჩევების წყალობით “კარგმა ნაციონალებმა“ უკვე დატოვეს „ნაცმოძრაობა“, დანარჩენები - უიმედოები არიან და ისევ ექაჩებიან ქვეყანას უფსკრულის პირას, სადაც ის უკვე იმყოფებოდა 4 წლის წინ და საიდანაც ივანიშვილმა გამოათრია, როგორც პოსტ ფაქტუმ აღიარა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, რომელიც 9 წელიწადი უილაჯოდ ითმენდა სააკაშვილის რეჟიმისგან შეურაცხყოფას. მიუხედავად ამისა, ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ კარი დღემდე შეღებული დატოვა - როგორც ნაციონალებისთვის, ისე ცოტა ხნის წინანდელი პარტნიორებისთვის კოალიციიდან. დღეს ხომ ივანიშვილი სხვადასხვა პარტიას კი არ აერთიანებს ერთ კოალიციაში, როგორც 4 წლის წინ, არამედ სხვადასხვა პოლიტიკოსს - ერთ პარტიაში, “ქართულ ოცნებაში”.
ივანიშვილი დარწმუნდა, რომ ნაციონალების “შეცოდება” და თანამდებობებზე დატოვება უაღრესად სახიფათოა: მაგალითად, უზენაესი და კონსტიტუციური სასამართლოების თავმჯდომარეებმა კუბლაშვილმა და პაპუაშვილმა ისე დააინფიცირეს სასამართლო სისტემა, რომ მისი განკურნება დღემდე ვერ მოხერხდა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ქადაგიძემ კი ქვეყანა ლამის ინფლაციის, დევალვაციისა და დეფოლტის უფსკრულში გადაჩეხა.
ივანიშვილი დარწმუნდა, აგრეთვე, რომ ცოტა ხნის წინანდელი თანაკოალიციელების - რესპუბლიკელებისა და “თავისუფალი დემოკრატების” თანამდებობებზე დატოვებაც არანაკლებ კონტრპროდუქტიულია: თავდაცვის მინისტრები ხიდაშელი და ალასანია ცუდი მენეჯერები აღმოჩნდნენ, რომლებიც ცეცხლს ეთამაშებოდნენ.
რას მიაღწია საქართველომ 2012-დან 2016 წლამდე ივანიშვილის წყლობით?
რას უნდა მიაღწიოს საქართველომ ახალ ეტაპზე ივანიშვილის მიერ ჩაფიქრებული გადატვირთვის შედეგად?
ივანიშვილი დარწმუნდა, რომ ამ ამოცანების გადასაწყვეტად არ სჭირდება არა მარტო ნაციონალები, არამედ არც გუშინდელი პარტნიორები კოალიციიდან - რესპუბლიკელები, "თავისუფალი დემოკრატები" და "ფორუმელები", რომლებიც ოპოზიციონერები კი არა, ელემენტარული შანტაჟისტები და ხარბი გამომძალველები აღმოჩნდნენ. რეგიონულ მედიასთან შეხვედრებისას ივანიშვილმა პირდაპირ ტელეეთერში, ბოლოს და ბოლოს, თქვა მათზე და ასევე "მესამე სექტორზე" ის, რასაც მთელი ეს წლები ამბობდა ქართველი ხალხი, თან საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი სკანდალური ფაქტებიც დაუმატა, რომლებიც აშკარად მოწმობს მათ მდაბალ, მომხმარებლურ მორალზე, სახელმწიფო მოღვაწის წოდებაზე პრეტენზიას სულაც რომ არ შეესაბამება.
ტელეკომპანია GDS-ის წინასაარჩევნო პროექტი "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან", სადაც ივანიშვილი მისაწვდომად უხსნიდა მოსახლეობას სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებსა და პერსპექტივებს, ავლებდა ანალოგიებს, მრავალი მონაცემით ოპერირებდა და ანალიტიკურ უნარ-ჩვევებს ავლენდა, პრაქტიკულად, გადატვირთვის პრეზენტაციად იქცა, რომელსაც ეს პუბლიკაცია ეძღვნება. და ცხადია, გადატვირთვის საპრეზენტაციო ნაწილი გახდა ივანიშვილის გამოსვლა ეკონომიკურ ფორუმზე 24 სექტემბერს, სადაც მან არასასიამოვნო შეკითხვები (რომლებიც, პრაქტიკულად, პასუხებს შეიცავდა!) დაუსვა ბიზნესმენებს. ივანიშვილი დარწმუნდა, რომ "მგლის თავზე სახარების კითხვა" ფუჭი საქმეა - თითქმის ყველანი, ვისაც იგი თავიდან ანგარიშს უწევდა და ურთიერთობა ჰქონდა, სააკაშვილის გამოუსწორებელ ფანებად ან, უკეთეს შემთხვევაში, პრიმიტიულ პოლიტიკურ მეძავებად დარჩნენ. მათ შორის არ წასულან ის ბიზნესმენებიც, რომლებიც დღემდე ფარულად ასპონსორებენ "ნაცმოძრაობას" და სააკაშვილის დაბრუნება ენატრებათ, რომელსაც ქრთამს უხდიდნენ, სამაგიეროდ კი პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყვნენ - მონოპოლია ჰქონდათ კონკრეტულ სფეროებში, მაგალითად, საბანკო და სასურსათო ბიზნესში, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების, თამბაქოს ნაწარმის წარმოებასა და ვაჭრობაში, სამშენებლო, სააფთიაქო ბიზნესში და ყველაზე ზემომგებიან ბიზნესში - ენერგომატარებლებით უკანონო ოპერაციებში.
როგორც წესი, ისინი იყვნენ მოქმედი ან ყოფილი სახელმწიფო მოხელეები - მექრთამეები და ქრთამის გადამხდელები "ცეხავიკების" ფსიქოლოგიით, რომლებიც სახელმწიფოს ხარჯზე გახდნენ ბიზნესმენები: ან პირველი ოპერაციები სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით ჩაატარეს, მერე კი კაპიკებად მოახდინეს სახელმწიფო ქონების (ობიექტების და ტერიტორიების) პრივატიზება და თავიანთი კერძო, ჩრდილოვანი ბიზნესი ლეგალური გახადეს; ანდა პირველი მილიონები სხვისი კერძო ბიზნესის “დაკრიშვით” და ამაში “წილის” აღებით მოიპოვეს.
ხართ თუ არა დღეს საკმარისად აქტიურები?! ბევრ თქვენგანს ჩემზე გაცილებით უკეთესი ეკონომიკური განათლება აქვს, მაგრამ რამდენად ახერხებთ, გარშემო მყოფებს გაუზიაროთ სიკეთეები, რომლებიც ახალმა ხელისუფლებამ მოუტანა ბიზნესს? ახალმა ხელისუფლებამ გაგათავისუფლათ უკანონო გადასახადებისაგან და მაქსიმალურად შეამცირა ოფიციალური ბეგარა, დღეს სახელმწიფო ჯიბეში არ უძვრება ბიზნესმენებს, მაგრამ აფასებთ კი თქვენს დღევანდელ მდგომარეობას? რომელი თქვენგანი გადარჩებოდა დღემდე, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "ნაცმოძრაობას" რომ გაემარჯვა და არა "ქართულ ოცნებას"?! - ჰკითხა ივანიშვილმა ბიზნესმენებს და უსაყვედურა, რომ საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიული რევოლუცია ღარიბებმა კი არა, შეძლებულმა ბურჟუაზიამ მოახდინა, ანუ ბიზნესმენებმა, რომლებიც, მათგან განსხვავებით, ბევრად უფრო აქტიურები იყვნენ.
ივანიშვილს ეს ქვეშეცნეულად წამოცდა: ქართველი ბიზნესმენების ზემოთ ხსენებულ კატეგორიას ყოველთვის შეუძლია, გააქტიურდეს და მართლაც სცადოს სახელმწიფო გადატრიალება კანონიერი ხელისუფლების დასამხობად, თუკი შესაბამის სიგნალს მიიღებენ ან სააკაშვილისაგან, რომელიც დღემდე “წილში” ჰყავთ (ანუ მათი საქმიანი პარტნიორია), ანდა უცხოელი პარტნიორებისაგან.
საქმე ის არის, რომ საქართველოში არა მხოლოდ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ მსხვილ ბიზნესებსაც, რომლებიც რაიმე გზით უცხოეთთან არის დაკავშირებული (ბანკები ერთობლივი კაპიტალით, ერთობლივი კომპანიები, რომლებიც ნედლეულის ექსპორტს ან მზა პროდუქციის იმპორტს ეწევიან), აკონტროლებენ დასავლეთის სპეცსამსახურები, რათა საჭიროების შემთხვევაში მათ საქართველოში ეკონომიკური "ქილერების" როლი შეასრულონ ან მორიგი "ფერადი რევოლუცია" დაასპონსორონ. ამიტომაც ამ ბიზნესკომპანიების ხელმძღვანელობაში უეჭველად არიან "დაკონსერვებული" ე.წ. „ო-დე-ერ“-ები, ანუ მოქმედი რეზერვის ოფიცრები, ოღონდ არა ადგილობრივი სახელმწიფო უშიშროებიდან, არამედ უცხოური დაზვერვის მიერ გადაბირებული აგენტები.
დიახ, უელექტორატო პოლიტიკოსები და მძარცველი ბიზნესმენები, რომლებიც ხალხს არ უყვარს, ცალ-ცალკე საფრთხეს არ წარმოადგენენ და სასაცილონიც კი არიან. მაგრამ თუ გაერთიანდებიან და გარედან მხარდაჭერასაც იგრძნობენ, ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ, დიდი პრობლემები შეუქმნან ივანიშვილს - ეკონომიკური კრიზისის და სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება მოახდინონ და, ამგვარად, სახელმწიფოში სიტუაციის დესტაბილიზაციას მიაღწიონ. ამიტომ ივანიშვილი მეორედ რისკავს, თანაც - არანაკლებ, ვიდრე პირველად, რადგან თავისი გადატვირთვით ძალიან ბევრს გაეჩხირება ყელში...
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2016 წლის 5 დეკემბერი
საქართველო, თბილისი