აქტუალური
GFK: მმართველ პარტიას - 30, ხოლო ენმ-ს 29 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატი ეყოლება

  საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის შეკვეთით კომპანია GFK-ის  კვლევა პროპორციული სიის მაჩვენებლებს ასახავს და მაჟორიტარობის კანდიდატთა მონაცემებს არ ეხება.

 თუ კვლევის შედეგები გამართლდა, მაშინ დეპუტატების რაოდენობა ასე გადანაწილდება - “ქართულ ოცნებას” 30 დეპუტატი ეყოლება, “ნაციონალურ მოძრაობას” - 29 დეპუტატი, ლეიბორისტულ პარტიას, “თავისუფალ დემოკრატებს” და პაატა ბურჭულაძის ბლოკს 6-6 მანდატი შეხვდებათ.

 ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ექნება.

 GFK-ის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, გიორგი მარგველაშვილს 9,2% უჭერს მხარს. მას 7,5 %-იანი მაჩვენებლით დავით ბაქრაძე მოსდევს.

 მიხეილ სააკაშვილს 5.6 %-იანი მხარდაჭერა აქვს. გიორგი კვირიკაშვილ - 4.4%, ირაკლი ალასანია - 3.5%, შალვა ნათელაშვილი - 2.7%, ნინო ბურჯანაძე - 2.6%, ირაკლი ღარიბაშვილი - 1.8%, პაატა ბურჭულაძე - 1.5%, ხოლო ბიძინა ივანიშვილს 1.1 % უჭერს მხარს.

 არჩევნებამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე სოციოლოგიური კვლევის კომპანია GFK  “რუსთავი 2”-ის დაკვეთით შესრულებული მესამე წინასაარჩევნო გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.

 საქინფორმი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კვლევების ადგილობრივი საველე სამუშაოების შემსრულებელი „GFK“ არის კერძო ფირმა, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ცესკოს თავმჯდომარის – ცნობილი ფალსიფიკატორი ლევან თარხნიშვილის მეუღლეს ეკუთვნის.