საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი - რომის პაპს: „თქვენ იმყოფებით 100 000 წამებულისა და ქეთევან დედოფლის ქვეყანაში“

  საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში რომის პაპთან შეხვედრის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 „დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ ვატიკანის მტკიცე მხარდაჭერას. ჩვენ გვახსოვს ეს თანადგომა, მათ შორის 2008 წელს, რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს. თქვენო უწმინდესობავ, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ თანადგომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისათვის! მომავალ წელს ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლის იუბილეს ვიზეიმებთ, თუმცა, ჩვენი ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 „თქვენ იმყოფებით თბილისში, 100 000 წამებულისა და ქეთევან დედოფლის ქვეყანაში. საერთო ღირებულებებისათვის იბრძოდა ქართველთა მეფის დავით აღმაშენებლის მხედრობა ჯვაროსნებთან ერთად იერუსალიმში, ხოლო დიდგორის ბრძოლაში ჯვაროსანთა რაზმიც იდგა ქართველთა გვერდით. ჩვენ დღესაც ვმონაწილეობთ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მსოფლიოში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.