პოლიტიკა
„ქვეყანაში ძალადობა აღარასდროს დაბრუნდება, ხოლო ვინც გადატრიალების მოწყობას გაბედავს, მათი ადგილი იქნება ციხეში“ - კახი კალაძე

  საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ ზესტაფონში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

 „მინდა, მოგიწოდოთ ყველას, რომ ასე ერთსულოვნად, ასე დარაზმულები მივიდეთ 8 ოქტომბერს საარჩევნო ყუთებთან და მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ ვის უნდა ვანდოთ ხვალ ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყანა. აქ არის წარმოდგენილი გუნდი, ჩვენი ლიდერის, პრემიერ- მინისტრის, ბატონი გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით და ეს არის ზუსტად ის გუნდი, რომლის მთავარი ამოცანა არის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ბრძოლით მოპოვებული, ძალიან ღირებული თავისუფლება. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორი მდგომარეობა იყო წლების განმავლობაში ქვეყანაში, როგორი შიში იყო, როგორი ტერორი, როგორი ზეწოლა. ეს ყველაფერი ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს“, - განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა.

 "ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ქვეყანაში დავაბრუნოთ ძალადობა, ადამიანები, რომლებიც კადაფიზაციას ჰპირდებიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ჩვენ კარგად გვესმის მათი მიზნები, მათი ბნელი ზრახვები, მაგრამ არაფერი არ გამოუვათ. ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში და შესაბამისად, ვინც გაბედავს ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას, სისხლის ღვრის მოწყობას, ძმათა დაპირისპირებას, მათი ადგილი იქნება ციხეში... დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, 8 ოქტომბერს მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა პარტიის ცენტრალური საარჩევნო შტაბის უფროსმა.